ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობიდან“ კონკრეტულ დეპუტატს ჰქონდა შემოთავაზება, საუბარი იყო ოთხი ერთზე ფორმულაზე, რაც მიუღებელია, ჩვენ გვინდა ხუთი მიუკერძოებელი კანდიდატი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთივე წევრი უნდა იყოს არა მიკერძოებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის მიმართ, არამედ დამოუკიდებელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს.
„მაგალითად, „ნაცმოძრაობიდან“ კონკრეტულ დეპუტატს, მათ ერთ-ერთ ლიდერს ჰქონდა შემოთავაზება. საუბარი იყო ასეთ ფორმულაზე – თუ არ ვცდები ოთხი ერთზე, რაც უკვე აჩვენებს დამოკიდებულებას. საქმე როცა ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ხუთივე უნდა იყოს არა მიკერძოებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის მიმართ, არამედ დამოუკიდებელი. შენ როცა ვიღაცას სთავაზობ ფორმულას 4:1-ზე, აქ ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკური მიკერძოებით გინდა, აირჩიო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. მინდა, ერთი რამ ვთქვა, რაც აქამდე, მგონი, არავის უთქვამს. გუშინ აირჩა სამი წევრი, პირადად მე დღესაც არ მახსოვს სახელები და გვარები, რადგან ეს პროცესი, ძირითადად, იურიდიულ კომიტეტში წარიმართა და ჩვენ არსებითად დავეყრდენით იურიდიული კომიტეტის დასკვნას. კვალიფიკაციიდან გამომდინარე, იმ გასაუბრების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც წარიმართა გამჭვირვალედ იურიდიულ კომიტეტში, ჩვენ წარმოგვიდგინა იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნები პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების კუთხით და სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება. არა 4, 1, 3, 2 და ასე შემდეგ, ყველა უნდა ყოფილიყო იუსტიციის საბჭოში მიუკერძოებელი, ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილებისა და მიკერძოებულობის გარეშე. აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ჰქონდა ამასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციას. მათ სურდათ, პოლიტიკურად „ნაცმოძრაობის“ მიმართ ლოიალური კანდიდატების არჩევა და მაინცდამაინც ისე დაემთხვა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიმართ ლოიალური კანდიდატები იყვნენ უცხოელი აგენტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატებთან დაკავშირებით კონკრეტული დეპუტატის მიერ შეთავაზებული ფორმულა მიუღებელია.
„კონფიდენციალური მოლაპარაკებები როდესაც არის, უფლება არ მაქვს, დავასახელო, ვინ რა შემოგვთავაზა, ვინ თქვა 4:1-ზე, ვინ თქვა 3:2-ზე და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ეს იყო იმიტაცია. როცა გეუბნებიან, თუ თქვენთვის მისაღებია 3:2-ზე ან 4:1-ზე, წავალ ჩემებთან, გავივლი და შემდეგ დაგიბრუნდებითო, ეს ნიშნავს კონსულტაციების იმიტაციას. განსხვავებული ვითარებაა, როცა ამბობ, აი, ამას გთავაზობ და ასე შემდეგ. ასეთი შემოთავაზება არ გაკეთებულა. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ეს თქვენთვის შეიძლება, იყოს მისაღები, დავბრუნდები ჩემებთან, გავივლი, შემდეგ დაგიბრუნდებით და ასე შემდეგ. ეს არის არა კონსულტაციები, არამედ ან ვაჭრობა, ან კონსულტაციების იმიტაცია. კონსულტაციების 90 პროცენტი მაინც წარიმართებოდა პლენარულ სხდომათა დარბაზში. რაც შეეხება იმას, რამდენად არის მისაღები ასეთი ტიპის შეთავაზება, რა თქმა უნდა, 4:1-ზე, 3:2-ზე და ასე შემდეგ, ეს მიუღებელია. ყველა კანდიდატი უნდა აირჩეს იმ კრიტერიუმებით, რასაც ჰქვია კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა. 4:1-ზე სწორედ რომ მიკერძოებას ნიშნავს, ამიტომაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა ხუთი მიუკერძოებელი კანდიდატი. გუშინ რომელიც აირჩიეს, სამივე არის მიუკერძოებელი იურისტი, პროფესიონალი, ვერანაირ ხინჯს ვერ უპოვით ვერცერთ კანდიდატს, რადგან ისინი არიან პროფესიონალები და სათანადო კრიტერიუმებით არჩეულები, განსხვავებით იმ უცხოელი აგენტებისა, რომელთა არჩევაც უნდოდა „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა კობახიძემ.