ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“თავისი რევანშისტული მიდგომებით უნდა ჩაბარდეს წარსულს
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“თავისი რევანშისტული მიდგომებით უნდა ჩაბარდეს წარსულს

მარტივად შეგვიძლია, დააკვირდეთ, ვინ აწარმოებს მიზანმიმართულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ, რომელი პარტიაა და რომელი ტელევიზიაა ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არის ზუსტად ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელსაც აქვს რევანშის დაუოკებელი სურვილი და ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ამოცანაა, ეს რევანში არ დავუშვათ.

„რაც შეეხება სასამართლოში არსებულ მდგომარეობას. ჩვენთვის არის მთავარი მთავარი არის ადამიანის უფლებების დაცვა. სასამართლო არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს სათანადოდ დაცული და ზუსტად ადამიანის უფლებებზეა საუბარი. კიდევ ერთხელ არ დამეზარება და გავიმეორებ, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ექვსჯერ არის გაზრდილი. წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი სამჯერ არის შემცირებული. საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული. გირაოს შეფარდების მაჩვენებელი 18-ჯერ არის შემცირებული, ჯარიმები, ხუთჯერ არის შემცირებული, ადმინისტრაციული პატიმრობა სამჯერ არის შემცირებული. პოლიციის და „სითი პარკის“ წინააღმდეგ დაკმაყოფილებული საჩივრები ორასჯერ არის გაზრდილი. სტრასბურგში, ადამიანის უფლებებზე გვაქვს საუბარი, სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა არის 11-ჯერ შემცირებული. ეს ნიშნავს რას, ერთია ნდობა, მეორე არის მოცემულობა, ნდობა და მოცემულობა უნდა იყოს თანხვედრაში ერთმანეთთან და სწორედ, რომ იყო თანხვედრაში ერთმანეთთან, მაგიტომ წამოიწყეს ორწლიანი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. მე პოლიტიკურ პროცესებში ვიყავი ჩართული 2015-16 წლებშიც. საერთოდ, საბჭო რა იყო, მოსახლეობის 99 %-მა არ იცოდა. საერთოდ ამაზე საუბარი არ მიდიოდა. ეს არის 2015-16 წლები, არცთუ ისე შორეული წარსული. 2017 წლის ბოლოდან დაიწყო მიზანმიმართული კამპანია. კიდევ ერთხელ, ეს იყო რევანშისტული პარტია, „ნაცმოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზია, მათ წამოიწყეს მიზანმიმართული ორწლიანი კამპანია, ორი წელი უკვე გრძელდება და ალბათ კიდევ გააგრძელებენ, სასამართლოს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ნდობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ნებისმიერ კამპანიას აქვს შედეგი, თუნდაც, რომ ის იყოს წარმოებული უბინძურესი პოლიტიკური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ საუბრობ ნდობაზე, არ უნდა აწარმოებდე კამპანიას და მითუმეტეს, არ უნდა ატრიალებდე კლიპებს კონსტიტუციური ორგანოს წინააღმდეგ, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება გამომდინარე იქიდან, რომ ის არის სწორედ შექმნილი ადამიანის უფლებების დასაცავად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2012 წელთან შედარებით, ჩვენ, ბუნებრივია, შედარებაზე აქცენტს არ ვაკეთებთ, იმისათვის, რომ თავი მოვიწონოთ არ არის საკმარისი „ნაცმოძრაობასთან“ შედარება. იმ უბედურებასთან შედარება, რომელიც იყო შექმნილი 2012 წლამდე. არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ექვსჯერ უკეთესი და 20-ჯერ და თუნდაც 200-ჯერ უკეთესი მონაცემები გაქვს „ნაცმოძრაობასთან“ შედარებით. მთავარი არის ის, რომ მდგომარეობა იყოს კარგი, ადამიანის უფლებები იყოს განუხრელად დაცული. ამიტომ როცა სასამართლოს ეხება საქმე, ყველა ჩვენს ოპონენტსა, თუ დაინტერესებულ მხარეს ვთხოვთ კონკრეტული საქმეების წარდგენას, კონკრეტული საქმეების, რასთან დაკავშირებითაც მზად ვართ, რა თქმა უნდა, დისკუსიისთვის, თუმცა ყოველთვის არიდებენ ამაზე საუბარს თავს ჩვენი ოპონენტები, ყოველთვის აქცენტი გადააქვთ ნდობაზე, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტულ ქეისებზე. „რუსთავი 2“ არის შესანიშნავი საქმე. ყველამ იცის, რაც მოხდა „რუსთავი2“-ში, როგორ წაართვით ბატონო გიგა, კანონიერ მესაკუთრეს „რუსთავი 2“. მართალია, ნაწილობრივ არის თქვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მაინც ხართ ერთად და ეს ჩანს ძალიან კარგად დღევანდელი სურათიდანაც. დღემდე „რუსთავი 2“ არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში. იყო კანონიერი მფლობელის საკუთრებაში. დღეს „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში და ერთადერთი, რაც თქვა სასამართლოს ცხრა მოსამართლემ, სხვათაშორის, რომელიც არის დღესაც წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში, ცხრავე რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა „რუსთავი 2“. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს იცის ქართველმა ხალხმა. სტრასბურგი თუ გაინტერესებთ, სტრასბურგს არსად არ უთქვამს, რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო. „რუსთავი 2“ არის ზუსტად საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს, მათშორის წართმეულ ქონებას, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენს მიერ წართმეული კიდევ ბევრი ქონება უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. „ნაცმოძრაობა“თავისი რევანშისტული მიდგომებით უნდა ჩაბარდეს წარსულს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი