ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობასა“ და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ შორის ფორმალური ზღვარიც წაიშალა, კარგი იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნებიან, რადგან ისედაც არიან
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობასა“ და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ შორის ფორმალური ზღვარიც წაიშალა, კარგი იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნებიან, რადგან ისედაც არიან

ადრე ფორმალური ზღვარი მაინც არსებობდა „ნაცმოძრაობასა“ და რამდენიმე ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ შორის, თუმცა ბოლო აქციის შემდეგ ეს ფორმალური ზღვარი მთლიანად წაიშალა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უკვე ფორმალურად უნდა პოლიტიკაში შესვლა.

„მათ საკუთარი პოლიტიკური ამბიცია პირდაპირ დააფიქსირეს და ახლა უჭირთ, გამოვიდნენ ამ პოლიტიკური ნიშიდან. ახლა უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც პირდაპირ გულისხმობს ამ ყველაფრის ფორმალიზებას. სადაც დღეს არიან, ეს არის ოფიციალური პოლიტიკა და აქ უკვე ფორმალურადაც უნდათ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება, რადგან როცა რეალურად „ენჯეო“ არის პოლიტიკური პარტია, კარგია გამჭირვალობისთვის, რომ მას პოლიტიკური პარტია დაერქვას. თუ ამას გააკეთებენ, ეს იდეალური იქნება და რატომ? – რამდენიმე „ენჯეო“ არის, რომელსაც სინამდვილეში, არაფერი აქვთ, არც კომპეტენცია, არც ინტელექტით გამოირჩევიან, არც სხვა რესურსი აქვთ, არც ლეგიტიმაცია, მაგრამ აქვთ სიმდიდრე, ანუ ფინანსური რესურსები, რაც იმაზე მეტ გავლენას აძლევთ, ვიდრე სხვა „ენჯეოებს“, რომლებსაც მეტი ინტელექტი და კომპეტენცია აქვთ. ამ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებიან, ისინი იძულებული იქნებიან, პოლიტიკურ პროცესში შევიდნენ, გამჭვირვალედ მიიღონ და დახარჯონ ფინანსები, ასევე მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მერწმუნეთ, ეს ყველაზე მდიდარი სამი „ენჯეო“ რომ აიღოთ, არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, ერთ პროცენტსაც ვერ აიღებენ. ეს იქნება ძალიან კარგი, თუ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნებიან, რადგან ისედაც არიან“, – განაცხადა კობახიძემ.