ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამ აინტერესებს, ეს არის არეულობის შემოტანა ქვეყანაში, თუმცა ამის საშუალება არ ექნებათ
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამ აინტერესებს, ეს არის არეულობის შემოტანა ქვეყანაში, თუმცა ამის საშუალება არ ექნებათ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამ აინტერესებს, ეს არის არეულობის შემოტანა ქვეყანაში, თუმცა ამის საშუალება მათ არ ექნებათ, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სუს-ის მიერ ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გუშინ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც სათანადოდ გაიხსნა ის კონკრეტული დანაშაული, სავარაუდო დანაშაული, რომელზეც საუბრობდა გუშინ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს იყო არეულობის გეგმა. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება არის დაწყებული და როდესაც საქმე ეხება დანაშაულის საბოლოოდ გახსნას, უწყებებს სჭირდებათ ამისთვის დრო, მაგრამ გუშინ იყო გაჟღერებული, ის, თუ როგორ გეგმავდნენ კონკრეტული პირები არეულობის მოწყობას, მათ შორის ციხესთან, მათ შორის ზოგადად თბილისის ცენტრში და ა.შ. ასევე აღინიშნა, რომ ეს ჩანაწერი არის მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება ამ საქმეში, დაელოდეთ.

მოსმენა განხორციელდა ოფიციალურად, ორდერის საფუძველზე, ამაზეც ისაუბრა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გამოქვეყნდა უკვე მტკიცებულებების ნაწილი, დანარჩენიც გამოქვეყნდება. ეს ბრალდებები ყოველთვის იყო საფუძვლიანი. არა მარტო ჩანაწერებში ისმის ეს ყველაფერი. ისინი საჯაროდ და ღიად ცხრა წლის განმავლობაში საუბრობენ რევანშზე, არეულობაზე, ქაოსზე, რევოლუციაზე და ა.შ. ღიად საუბრობენ ამაზე, ამას რაში სჭირდება საერთოდ გამოძიება. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებას, ეს არის შესაბამისი უწყებების პრეროგატივა“, – განაცხადა კობახიძემ.

მან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიმართა და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა ხმის მიცემა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ხალხს აწამებდა.

„თქვენ არ გახსოვთ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს? თქვენც გახსოვთ, რომ აწამებდნენ, მაგრამ თქვენთვის ეს არის მისაღები, რაც არის სამარცხვინო, როდესაც თქვენ ხმას აძლევთ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც აწამებდა ადამიანებს, ეს არის სამარცხვინო, ნაცობა სირცხვილია, დავამტავროთ ნაცები“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტმა აღნიშნული განცხადების შემდეგ კობახიძეს მიმართა, რომ საარჩევნოდ ხშირია მსგავსი ბრალდებები, მაგალითად კი ე.წ. საბურავების საქმე დაასახელა.

„მაშინაც ბრალდება იყო საფუძვლიანი, მაშინაც იგეგმებოდა არეულობა. დღესაც იგეგმებოდა არეულობა, ფინალი არასდროს ექნება არეულობის მცდელობას, რადგან თქვენი ბელადი არის უკვე ციხეში, მეგის ქარდავა, თქვენი მეორე კუმირი, ასევე არის ციხეში. მეგის ქარდავას და სააკაშვილის პარტია საქართველოში დამთავრდება. ნაცობა არის სირცხვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.