ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიიდან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ განახლების არანაირი რესურსი არ აქვთ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიიდან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ განახლების არანაირი რესურსი არ აქვთ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის თაობაზე ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული შეფასებების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს მმართველმა პარტიამ სიაში შეყვანით პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატები დაასაჩუქრა, აბსურდულია.

„ამას ამბობს ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც კახა ოქრიაშვილი წარდგინა თავის საარჩევნო სიაში და ღიმილისმომგვრელია, როდესაც ამას იყენებენ არგუმენტად. მათ უნდათ აქცენტის გადატანა იქიდან, რომ ჩვენი სია არის განახლებული და თუ დააკვირდებით, ეს არის ერთადერთი სია, რომელიც ფუნდამენტურად განახლდა. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ახალი, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ამბობს, ამ სიის პარალელურად საზოგადოებამ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია, რომელმაც, მისი თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ პარტიას განახლების რესურსები არ აქვს.

„ამის პირისპირ ვიხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია იმ ადამიანების, რომლებიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას. აღარ ჩამოვთვლი მათ სახელებსა და გვარებს. ეს არის აბსოლუტურად გაუმართავი და განუახლებელი სია და კიდევ ერთხელ ჩანს, რომ განახლების აბსოლუტურად არანაირი რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ცივილიზებულმა ადამიანმა კარგად იცის, რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რა არის „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“ და ა.შ. საზოგადოება ასეთ პოლიტიკურ სუბიექტებს ემიჯნება გამომდინარე მათი წარსულიდან, აწმყოდან და პოტენციური მომავლიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი