ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და ანტიდასავლური ძალა, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მორიგი ნაბიჯი.
„საბოლოო ჯამში, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილების მნიშვნელობას გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა. ეს კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით. ისინი არად დაგიდევენ თუნდაც იმას, რომ მათ დადეს პირობა ელჩების წინაშე და ისინი დღეს არ ასრულებენ ელჩების წინაშე დადებულ ამ პირობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან ერთი კრიმინალური და მეორე ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გიორგი რურუას საკითხს 8 მარტის შეთანხმებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„აქედან გამომდინარე, ისინი ეძებენ მხოლოდ და მხოლოდ საბაბს იმისთვის, რომ არ შეასრულონ ელჩების წინაშე დადებული შეთანხმება, რაც კიდევ უფრო მეტად შელახავს მათ ისედაც შელახულ რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორების თვალში და ქართული საზოგადოების თვალში, რაც ჩვენთვის მისასალმებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო.