ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს მუდმივად ემუქრება რევოლუციით, არეულობით, რეგრესით, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს მუდმივად ემუქრება რევოლუციით, არეულობით, რეგრესით, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდება განვითარებას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ზუსტად იმის საპირისპიროს, რა დაპირებებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების წინაშე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს მუდმივად ემუქრება რევოლუციით, არეულობით, რეგრესით, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. აქ არის ხელისუფლება, რომელიც არის პასუხისმგებელი ამის საპირისპიროზე, პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და ხალხის კეთილდღეობა.

მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბერს საბოლოოდ დასრულდება ეს არჩევნები, როდესაც ჩვენი ოცივე კანდიდატი მოიგებს არჩევნების მეორე ტურს, ამის შემდეგ მთლიანად უნდა გადავერთოთ სხვა დღის წესრიგზე. ეს არის წინსვლის, განვითარების დღის წესრიგი, მშვიდობის შემდგომი განმტკიცების დღის წესრიგი. ამის საპირისპირო მიზნები აქვს „ნაცმოძრაობას“, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.