ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მანდატების შეწყვეტას თუ მოითხოვენ, ეს მოთხოვნა მაშინვე დაკმაყოფილდება სამართლებრივი პროცედურებით
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მანდატების შეწყვეტას თუ მოითხოვენ, ეს მოთხოვნა მაშინვე დაკმაყოფილდება სამართლებრივი პროცედურებით

მანდატების შეწყვეტას თუ მოითხოვენ, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა მაშინვე დაკმაყოფილდება სამართლებრივი პროცედურებით, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„„ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ პარლამენტის მუშაობაში არც დადებითი წვლილის შეტანა შეუძლიათ და არც უარყოფითის, რაც გამოჩნდა გასული ორი წლის განმავლობაში. ოპოზიცია საკმარისად არის წარმოდგენილი პარლამენტში და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა, რასაც ვაკეთებდით. სადაც იყო მაქსიმალური ძალისხმევა, ასეთივე მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, არავითარი ცვლილება არ იქნება. ყველა საკითხზე, მათ შორის 12 პუნქტის შესრულებაზე გაგრძელდება მუშაობა პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მანდატებზეც იტყვიან უარს, ძალიან კარგი იქნება. მანდატები ექნებათ თუ არ ექნებათ, შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ეს არც ასე და არც ისე, არანაირად არ აისახება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, თუ მოითხოვენ მანდატების შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა მაშინვე დაკმაყოფილდება სამართლებრივი პროცედურებით“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აისახება ეს ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რომელთა ბოლო, ყველაზე მთავარი გზავნილი პერმანენტულად იყო ის, რომ 12 პუნქტის გარშემო ინკლუზიური პროცესი ყოფილიყო, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროცესი არის ინკლუზიური და ასეც გაგრძელდება.

„პარლამენტში არაერთი ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი და ვისაც ექნება კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი, ყველასთან გვექნება სათანადო თანამშრომლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ცვლის თუ არა ვითარებას მმართველი გუნდისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცვლილება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს საზოგადოებისთვის, გარკვეულწილად, მაინც ცვლის მოცემულობას, რადგან ეს პარტია ბოლომდე გაშიშვლდა.

„უხეშ ტერმინს გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ „ნაცმოძრაობა“ რამდენად გოიმური პოლიტიკური ძალაა, ეს ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ამ პროცესების შემდეგ. ინტელექტისგან, ღირებულებებისგან და ყველაფრისგან დაცლილია ეს პოლიტიკური ძალა. ამის საუკეთესი ნიშანი და ლუსტრაცია იყო ის საარჩევნო პროცესი, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ წარიმართა და, რისთვისაც, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მადლობელი ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა მმართველი გუნდი პროცესების რადიკალური გზით განვითარების საფრთხეს, კობახიძემ აღნიშნა, რომ რადიკალიზაცია მთლიანად არის დამოკიდებული რადიკალური ოპოზიციის სიძლიერეზე, დღეს კი რადიკალური ოპოზიცია რადიკალურად არის დასუსტებული.

„რადიკალური ოპოზიცია ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს. დღეს მთავარი მიღწევა, მათ შორის ჩვენიც და ზოგადად ქვეყნის, არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია რადიკალურად არის დასუსტებული და, შესაბამისად, მას აღარ აქვს რადიკალიზაციის რესურსი. ისინი არა მარტო რადიკალური ოპოზიცია არიან, ისინი იყვნენ რადიკალური ხელისუფლებაც. იმავე ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რაც უფრო ძლიერი იყო „ნაცმოძრაობა“, მით მეტი ზიანი ადგებოდა ქვეყანას და ხალხს, რადგან მერე იზრდებოდა რეკეტის ხარისხი, პატიმრების წამების ხარისხი, ომიც მაშინ მოხდა, როცა ძლიერი იყვნენ და ასე შემდეგ. ოპოზიციაშიც ასე არიან, როცა ძლიერდება „ნაცმოძრაობა“, მაშინ მეტი არეულობა და პრობლემები აქვს ხოლმე ქვეყანას და ხალხს. ამ შემთხვევაში კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უკიდურესად არის დასუსტებული და, შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე, საზოგადოების მდგომარეობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და მთლიანად რადიკალიზაციის ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.