ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გააფუჭოს საარჩევნო გარემო, რადგან ხედავენ, რომ არჩევნებს აგებენ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გააფუჭოს საარჩევნო გარემო, რადგან ხედავენ, რომ არჩევნებს აგებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გააფუჭოს საარჩევნო გარემო, რადგან ხედავენ, რომ არჩევნებს აგებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბოლნისში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

კობახიძის თქმით, „გუშინ იყო საკმაოდ სერიოზული ინციდენტი და თავდასხმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ამ უმსგავსობას მოჰყვა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი უმსგავსობა, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენს შტაბთან არიან დაკავშირებული, რასაც ჩვენ ვგმობთ. აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში იყოს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს არასწორი საქციელი, სამართალდარღვევა და სხვა ტიპის უმსგავსობა. ამ შემთხვევაში ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა არის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების დროული რეაგირება, აქაც ჩვენი მოწოდება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს არის ის, რომ უნდა იყოს სათანადო რეაგირება, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. რა თქმა უნდა ისინი უნდა დაისაჯონ და ვინც ამაზე არასწორი პასუხი გასცა, არასწორი რბილი სიტყვაა ამ შემთხვევაში, ისინიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ. რაც შეეხება პროვოკაციებს, ჩვენ ვხედავთ რომ ძირითადად ამ ოლქშია კონცენტრირებული პროვოკაციები და მოვუწოდებ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ შესაბამის აქტივისტებს კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან ბუნებრივია, ამ პროვოკაციებს ექნება სათანადო პოლიტიკური პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მუდმივად ეძლევათ მითითება, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ.

„ისინი ცდილობენ გააფუჭონ საარჩევნო გარემო. ხედავენ, რომ აგებენ არჩევნებს. მათ შორის, კახა ოქრიაშვილი ხედავს, რომ აგებს არჩევნებს, მას თავი მოჰქონდა იმით, რომ იყო მუდმივი მაჟორიტარი, დღევანდელი მისი თანაგუნდელები, მაგალითად, ნიკა მელია მას უწოდებდა ფეოდალს. დღეს ეს ადამიანი, რომელიც სხვათაშორის „ქართული ოცნებიდან“ გაძევებულია იმის გამო, რომ მან საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოლოს არ დაუჭირა მხარი, დღეს „ნაცმოძრაობის“ წევრია და მათი კანდიდატი ამ საარჩევნო ოლქში. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო ბუნებაა პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო გარემოს გაფუჭების მცდელობა. მუდმივი ინსტრუქციები მიდის ჩვენს აქტივისტებში, რომ არც ერთ შემთხვევაში პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

დატოვე კომენტარი