ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა თავისუფლების მოედანზე მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა თავისუფლების მოედანზე მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა

ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სინამდვილეში ყველაფერი ფარსია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე პარტიულ ღონისძიებაზე რუსულ ენაზე როცა მღეროდა, რეაქცია არავის ჰქონია.

„ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. რატომ მოხდა ასე? ერთი სტვენა გახსოვთ თქვენ? გახსოვთ თუ არა იქ ვინმე სცენაზე ავარდნილი? არ გახსოვთ, რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერი არის ფარსი, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ. არავის გაჟრიალებია ამაზე, როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არ დაუსტვინა არავინ, რატომ არ ავიდა არავინ სცენაზე, რატომ არ მოითხოვა არავინ თუნდაც იმ სიმღერის გამორთვა? იმიტომ, რომ სინამდვილეში, ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.