ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, საქართველო იხილოს საბედისწერო, ფატალურ ომში, რომლის შედეგები საქართველოსთვის უკრაინაზე მძიმეც კი იქნება, ამას ვერ ეღირსებიან
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, საქართველო იხილოს საბედისწერო, ფატალურ ომში, რომლის შედეგები საქართველოსთვის უკრაინაზე მძიმეც კი იქნება, ამას ვერ ეღირსებიან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი საქართველოში დაშვებული არ იქნება და ამ კუთხით ხელისუფლების ქმედებები მკაფიოა.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმს, ესეც არ იქნება დაშვებული ჩვენს ქვეყანაში, პოზიცია ნათელია და ქმედებებიც ძალიან მკაფიოა ამ თვალსაზრისით“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე ღიად დააფიქსირეს, რომ მათ სურთ, საქართველო იხილონ იგივე მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს უკრაინა.

„პირდაპირ თქვა მაგალითად, დანილოვმა, პირდაპირი ტექსტით, რომ რუს სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმეც, გარდა უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დახოცვისა. ანუ, ეს არის ქართველი ქალებისა და ბავშვების დახოცვა. ეს თქვა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს პოდოლიაკმა, არესტოვიჩმა და სხვებმა. არც მალავენ, ღია ტექსით საუბრობენ იმაზე, რომ სურთ, საქართველო იხილონ იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის დღეს უკრაინა – უკრაინაში რუსული ოკუპაციის არეალი არის უკვე გაფართოებული დაახლოებით სამჯერ, ოთხჯერ. ეკონომიკური პროგნოზი – 45-პროცენტიანი ვარდნა არის, პრაქტიკულად, დაახლოებით 90-იან წლებს უბრუნდება უკრაინა ერთ წელიწადში. დაახლოებით 12,5 მილიონი უკრაინელი თავის საცხოვრებელ სახლში აღარ ცხოვრობს, მათ შორის დაახლოებით 4.5 მილიონი ქვეყნიდან არის გასული. წარმოიდგინეთ, ნახევარი მილიონი ქართველი რომ იყოს ქვეყნიდან გასული ან მილიონზე მეტი რომ არ ცხოვრებოდეს თავის საცხოვრებელზე. ეს ჰუმანიტარული მხარე და პოლიტიკურად უაღრესად დამძიმებული ვითარება, ღია ტექსტებით საუბარი იმაზე, რომ ნატო აღარ აიტენერესებთ და ა.შ. როდესაც უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ამბობენ, რომ იგივე მდგომარეობაში უნდათ საქართველოს ხილვა, აქ რექაცია უნდა გვქონდეს, ეს რეაქცია ვერ იქნება პოზიტიური და რბილი“, – განაცხდა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ იგივე არესტოვიჩის, პოდოლიაკის, არახამიას წარსული არის დაკავშირებული მძიმე მოვლენებთან. „ერთი არის იანუკოვიჩთან დაკავშირებული, მეორე მეორე ოლიგარქთან, მესამე მესამე ოლიგარქთან და ა.შ. ეს მათ დღევანდელობასაც განაპირობებს, ამტომ ეს უნდა გავიხსენოთ. ზედმეტად სიღრმეში ჩვენ ვერ შევალთ, ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, მაგრამ მათი განცხადებები შეფასება არის მნიშვნელოვანი, და ამ განცხადების შეფასების დროს მათი წარსულის გახსენებაც მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირი კავშირია მათ წარსულსა და დღევანდელ განცხადებებს შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს, საქართველო იხილოს უკრაინის მსგავს მძიმე მდგომარეობაში, ამას ვერ ეღირსებიან.

„იყო რამდენიმე ფეიკი, იგივე რძის პროდუქტებთან დაკავშირებით. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებისგან გაკეთდა რაღაც განცხადება გვერდის ავლასთან დაკავშირებით ყოველგვარი ფაქტის გარეშე. არც ერთი ფაქტი არ იყო. ამ ყველაფერს აქვს მთლიანად პოლიტიკური დატვირთვა. ყველაფერი იყო ისეთივე აბსურდი, როგორც მაგალითად ელჩის გაწვევა და ელჩის გათავისუფლება. ელჩი თან გაათავისუფლეს და არც გაათავისუფლეს, სასწაული ხდება საერთოდ. ანუ, ელჩი არის გათავისუფლებული ზეპირი განცხადებით, მაგრამ ბრძანება არ არის დაწერილი. ესეც არის საოცრება. რა ხდება, არ ვიცი, ნუ გასაგებია, რა და როგორც ხდება, ეს ცალკე თემაა, მაგრამ თუ ვინმეს სურს, საქართველო იხილოს ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს უკრაინა ჩავარდნილი, ამას ვერ ეღირსებიან. ვერც აქაური მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, საქართველოში იხილონ ომი, რასაც ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვეთ. ისინი რომ დერეფნებში დადიან დღეს და არწმუნებენ ევროპელ კოლეგებს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, ესეც იგივე მიზანს ემსახურება, რამენაირად ჩართონ საქართველო ომში. მარტივი გეგმაა, რაც ჰქონდათ იგივე ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. ეგონათ, რომ აფეთქდებოდა საზოგადოება, ამას მოყვებოდა შემდეგ აყირავება, გადატრიალება, მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და ჩაერთვებოდნენ ომში. აქაც იგივე გათვლა აქვთ, რომ თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს საქართველო. ამ შემთხვევაში საზოგადოება აღშფოთდება, მოახერხებენ გადატრიალებას და დაიწყება საქართველოში ომი და გაიხსნება მეორე ფრონტი. ვერ ეღირსებიან ვერაფერს. მათი ყველანაირი ძალისხმევა იქნება წარუმატებელი. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ იმაზე, რაც ვიცი ზუსტად. ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ამ პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ საქართველო იხილოს ომში, საბედისწერო ომში, ფატალურ ომში, ამ ომის შედეგები საქართველოსთვის უკრაინაზე მძიმეც კი იქნება, ამას გეუბნებით სრული რწმენით“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ, რომ ქვეყანა ჩართონ ომში?, – კობახიძე პასუხობს, რომ რა მიზეზებიც 2008 წელს ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობას“, ზუსტად იგივე მიზეზების გამო სურს ამის გაკეთება დღეს.

„რატომ შემოიყვანეს გორში და სენაკში რუსული ტანკები 2008 წელს, რა უნდოდათ? რატომ ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას, რატომ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები 90-იანი წლების შემდეგ 2005 წელს. რა უნდოდათ, რატომ უნდოდათ ამის გაკეთება? ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები რატომ ჩაატარეს ცხინვალის რეგიონში და რატომ აირჩიეს ალტერნატიული სეპრატისტული მთავრობა? ზემო აფხაზეთი რატომ დაარქვეს კოდორის ხეობას, რატომ შემოიყავნეს გორში და სენაკში რუსული ტანკები. ზუსტად იგივე მიზეზის გამო უნდათ დღესაც მათ ომი საქართველოში. სამწუხაროდ, მაგას ეღირსნენ ისინი 2008 წელს, რადგან იყვნენ ხელისუფლებაში, დღეს ვეღარ ეღირსებიან იგივეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.