ირაკლი კობახიძე - მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკოსთან დისკუსიისთვის, ევროკომისარი იქნება თუ უმაღლესი წარმომადგენელი, დღესვე შემიძლია გავფრინდე ბრიუსელში, იქიდან პასუხია საბჭოური მიდგომა, ფოსტით გზავნიან ულტიმატუმებს
მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკოსთან დისკუსიისთვის, ევროკომისარი იქნება თუ უმაღლესი წარმომადგენელი, დღესვე შემიძლია გავფრინდე ბრიუსელში. იქიდან პასუხია საბჭოური მიდგომა, ფოსტით გიგზავნიან ულტიმატუმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, კობახიძეს კითხვა დაუსვეს: „თქვენ თქვით, რომ მზად ხართ დიალოგისთვის, თუმცა ფიქრობთ, რომ ითხოვენ რიგი ისეთი კანონების გაუქმებას, რაც ქვეყნის ეგზისტენციურ, მნიშვნელოვან საკითხებს შეუქმნის საფრთხეს. რვა პუნქტში თუ არის რაიმე ისეთი პუნქტი, რომელთან დაკავშირებით დისკუსიისთვისაც მზად ხართ. გაქვთ თუ არა კონტაქტი ევროპელ პარტნიორებთან, რათა პარტნიორებმა აღიქვან, რომ რაღაც ნაბიჯი გადადგა „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც ვიზალიბერალიზაციის, ამ სიკეთის გადასარჩენად“.
კობახიძის თქმით, დღესვე გაფრინდება ბრიუსელში, თუ ეს საქმეს სჭირდება და თუ ამის ინტერესი იარსებებს.
„კონკრეტულ დეტალებში არ შევალ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ყველაფერს სჭირდება დისკუსია. მთავარი საბჭოური მიდგომა სად ჩანს და სად არის პრობლემა? ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკოსთან დისკუსიისთვის. პირადად მე, მზად ვარ, დღესვე შემიძლია, გავფრინდე ბრიუსელში. ვინც მეტყვის, ევროკომისარი იქნება, უმაღლესი წარმომადგენელი, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, მზად ვარ, ნებისმიერ მათგანთან დისკუსიისთვის. იქიდან რა არის პასუხი? საბჭოური მიდგომა. მეტი რა არის საბჭოური მიდგომა, როდესაც არც გესაუბრებიან და მოდიან ცარიელი ულტიმატუმებით. ფოსტით გიგზავნიან ულტიმატუმებს, როგორც ადრე იგზავნებოდა საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები. ასე დეპეშას აგზავნიან, არც გესაუბრებიან. ეს ხომ საბჭოთა მიდგომაა, ეს ხომ იგივე ინკვიზიციური მიდგომაა, რაც თითქოს შუა საუკუნეებში დატოვა ევროპამ და თითქოს, ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან. რა სტანდარტებიც იყო ადრე, რატომღაც იგივე სტანდარტები დაბრუნდა დღეს ევროკავშირში. არ შეიძლება, ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატია საკუთარ თავს უყურებდეს, როგორც საკავშირო ხელისუფლებას. ჩვენთვის ევროკავშირი ვერ იქნება საკავშირო ხელისუფლება. ჩვენ საკავშირო ხელისუფლების სტანდარტი წარსულს ჩავაბარეთ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. ჩვენ არ გვჭირდება საკავშირო ხელისუფლება, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი, სამართლიანი, პარტნიორული მიდგომა, მათ შორის საუბარი. როდესაც მართალი ხარ, ნებისმიერ ადამიანს ესაუბრები. მართლები რომ ვართ, ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს გავფრინდები ბრიუსელში, თუ ეს საქმეს სჭირდება და თუ ამის ინტერესი არსებობს. ისინი რატომ ვერ შემოდიან დიალოგში ჩვენთან, რადგან იციან, რომ ყველა მოთხოვნა, რაც კი დაუყენებიათ ამ წლების განმავლობაში, ყოველთვის იყო უსამართლო და ოთხი წლის განმავლობაში უსამართლოდ ექცევიან ქართველ ხალხს. ეს დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. კრიმინალურ საქმეში საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ წარმართავდა მოლაპარაკებებს ჩვენ წინააღმდეგ. ეს არ იყო რომელიმე პოლიტიკური პარტია, ეს იყო, ფართო გაგებით, კრიმინალური საქმე, როდესაც ქვეყანა აწვალეს ერთი წლის განმავლობაში – 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე. საერთოდ არაფრისთვის აწვალეს ქვეყანა, სცადეს მისი განვითარების შეფერხება. ამას აკეთებდა ევროკავშირის ერთ-ერთი ელჩი და წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელჩი აშშ-დან. ეს ყველაფერი გაგრძელდა სამი წლის განმავლობაში, სამი წელიწადი არ მოასვენეს ქვეყანა. იციან, რომ მათ მხარეს არ არის სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეეშინდებოდათ ჩვენთან დისკუსიის. დღეს აბსოლუტურად გაურბიან დისკუსიას, საბჭოური მიდგომით მოქმედებენ. შეგახსენებთ განცხადებას, არ მახსოვს, ზუსტად რომელი პოლიტიკოსი იყო, თუმცა მაღალი რანგის ერთ-ერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, არსაუბარი არის საბჭოური მიდგომაო. ეს გაკეთდა ჩვენთან მიმართებით, როცა ოპოზიციას უნდოდა რაღაც მოლაპარაკებებში შემოსვლა და ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ვიკავებდით. არსაუბარი ყოფილა საბჭოური მიდგომა. ახლა ვინ მოქმედებს საბჭოური მიდგომით? ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ საუბრისთვის, ისინი არ საუბრობენ. რა თქმა უნდა, ეს არის საბჭოური მიდგომა“, – განაცხადა კობახიძემ.