ირაკლი კობახიძე - მყარად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ 1921 წელს ოკუპაციის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი, 2008 წელს სააკაშვილს შეეძლო, არ დაეწყო ომი
ირაკლი კობახიძე - მყარად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ 1921 წელს ოკუპაციის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი, 2008 წელს სააკაშვილს შეეძლო, არ დაეწყო ომი

1921 წელს, მე მეეჭვება, რომ შესაძლებელი იყო, თუმცა თქვენ თუ სხვა მიმართულებით მიგყავთ, 2008 წელს სააკაშვილს შეეძლო, არ დაეწყო ომი. შედარებისთვის არ გამოგადგებათ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას: „1921 წელს შესაძლებელი იყო თუ არა საბჭოთა ოკუპაციის თავიდან არიდება?“

კობახიძის თქმით, 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და შემდეგ აღიარა ომის დაწყება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1921 წელი და 2008 წელი შედარებისთვის არ გამოდგება.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, იმ პერიოდში განხორციელდა არამხოლოდ საქართველოს ოკუპაცია, მათ შორის განხორციელდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია. ამ საერთო სურათს თუ გავითვალისწინებთ, აქედან გამომდინარე, ძალიან მყარადაც შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ 1921 წელს ოკუპაციის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი. 1921 წელს ერთდროულად განხორციელდა ამიერკავკასიაში სამი სახელმწიფოს ოკუპაცია. ეს სხვა მოცემულობაა. რაც შეეხება 2008 წელს, 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და შემდეგ აღიარა ომის დაწყება. სრულიად სხვა მოცემულობაა, ამიტომ შედარებისთვის საერთოდ არ გამოგადგებათ 1921 წელი და 2008 წელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, – „გიორგი ანწუხელიძეზეც შეგიძლიათ, ასე გადაჭრით თქვათ, როგორც მარო მაყაშვილზე ამბობთ, რომ რუსებმა მოკლეს?“ – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ასე იყო, ეს შემდგარი ფაქტია, ეს ხომ მოცემულობა, ფაქტია“.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, რასაც მოჰყვა შემდეგ რუსული ოკუპაცია და ამას შეეწირა გიორგი ანწუხელიძე“.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „2008 წელს მაშინდელმა რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც აღიარა ომის დაწყება“.

„საბოლოო ჯამში, გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს შეეწირნენ მიხეილ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტურას. ეს თქვა თეა წულუკიანმა, დიახ, ვეთანხმები. თავიდან არიდება კი არა, თვითონ დაიწყო ომი, არიდება რა შუაშია, თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ორი წამის წინ გითხარით, რომ რუსეთმა განახორციელა ოკუპაცია 2008 წელს. ვერ აირიდა კი არა, თვითონ დაიწყო, ომი დაიწყო და ამას მოჰყვა შემდეგ რუსული ოკუპაცია. ეს აღიარება ჩვენ კი არ გაგვიკეთებია, 2008 წელს ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა ხელი მაშინდელმა რეჟიმმა, სადაც აღიარა ომის დაწყება, ეს მე არ გამიკეთებია. ასე წერია: ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში ომი გადაიზარდა ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მათ აღიარეს ომის დაწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.