ირაკლი კობახიძე - მტკიცებულებების გაყალბების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ დამტკიცება, რომ ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ, სააკაშვილის რეჟიმს ღალატი არასოდეს ეპატიება
ირაკლი კობახიძე - მტკიცებულებების გაყალბების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ დამტკიცება, რომ ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ, სააკაშვილის რეჟიმს ღალატი არასოდეს ეპატიება

მტკიცებულებების გაყალბების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა შეიქმნა წინა ხელისუფლების მიერ, ჩვენ მოვახერხეთ დამტკიცება, რომ ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ და ქართველი სამხედროების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევა არ მომხდარა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა კითხვას: „რა მტკიცებულებები გააყალბა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რისი გამოსწორებაც შემდგომ უკვე „ქართულ ოცნებას“ მოუწია ჰააგასა და სტრასბურგში?“.

„იცით, რომ წლები გრძელდებოდა სამართლებრივი დავა. ერთი დავა ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას, მეორე დავა ეხებოდა სამხედრო დანაშაულს და მიუხედავად მტკიცებულებების გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემა შეიქმნა წინა ხელისუფლების მიერ, ჩვენ მოვახერხეთ იმის დამტკიცება, რომ ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ და ადამიანის უფლებების დარღვევა ქართველი სამხედროების მხრიდან არ მომხდარა. საპირისპირო დამტკიცდა, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარეს, რაც სერიოზული ძალისხმევის შედეგი იყო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილის რეჟიმს ღალატი არასოდეს ეპატიება.

„მთავარი არის შედეგები, უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით. თქვენ იცით, რომ 2004-2012 წლებში რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოში, რაც გამოიხატა, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციით და ეს იყო სწორედ იმ ღალატის შედეგი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ ღალატს ჰქონდა გაგრძობითი ხასიათი, ესეც შემიძლია გავიხსენო. მათ შორის, შემიძლია გავიხსენო კანონი, რომელიც მათ მიიღეს ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე, რითიც აღადგინეს ძველი საზღვრები, კომუნისტების დროინდელი საზღვრები, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების დროს იქნა გაუქმებული, ჩაატარეს ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და აღარ მინდა, ეს ყველაფერი გავაგრძელო. საზოგადოებას ისედაც ახსოვს ეს ყველაფერი. ეს იყო ღალატი, რომელიც განგრძობით ხასიათს ატარებდა და ამ ღალატის საბოლოო კულმინაცია იყო, საბოლოო ჯამში, ის, რომ რუსეთმა მოახერხა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ეს ღალატი არასოდეს არ ეპატიება იმ პოლიტიკურ ძალას, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“ და რასაც ჰქვია სააკაშვილის რეჟიმი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფერი შედეგებით უნდა შეფასდეს. რეალურად, მაშინ ჩადენილი იქნა ღალატი და ამ ღალატის კულმინაციაა ასევე ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ, ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული, რაც იყო კატასტროფა, ამაზე მეტი ღალატი ხომ არ არსებობს. ეს ღალატი ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.