ირაკლი კობახიძე - მთავრობას სადაც აქვს რესურსი, შეუზღუდოს საბოტაჟი ზურაბიშვილს, იქ ეს გასაკეთებელია, ადამიანი, რომელიც არ არის პრეზიდენტობის ღირსი, არ შეიძლება, საქართველოს სახელით სადმე წავიდეს
საქართველოს მთავრობას სადაც აქვს რესურსი, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ღირსი პრეზიდენტობის, არ შეიძლება, საქართველოს სახელით ვიზიტით სადმე წავიდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ქვეყნის ინტერესები დააზიანოს.
„იმპიჩმენტს როდესაც აღძრავს კონკრეტული სუბიექტი, ამ შემთხვევაში – მმართველი გუნდი, ასეთ დროს ეს არის პოლიტიკური განაცხადიც, რომ ჩვენ კონკრეტულ ადამიანს თანამდებობის ღირსად არ მივიჩნევთ. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს რატომ მივმართეთ, რომ მოველით, ეს ფაქტი დადგინდება. არ შეიძლება, პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევს კონსტიტუციას. შესაბამისად, ჩვენთვის ის უკვე აღარ არის ღირსი, რომ განახორციელოს საპრეზიდენტო უფლებამოსილებები. ჩვენი რესურსი აქ შეზღუდულია, შიდა პოლიტიკაში ვერაფერს უზამ, კვლავაც გააკეთებს განცხადებებს, რომლებიც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ძირეულ, ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ სადაც აქვს რესურსი საქართველოს მთავრობას, რომ შეუზღუდოს საბოტაჟი სალომე ზურაბიშვილს, იქ, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. ეს არის კონსტიტუციურად მთავრობის გადასაწყვეტი, მაგრამ, ვფიქრობ, ალბათ მმართველი გუნდის მხრიდან ჯანსაღი პოზიცია იქნებოდა, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის ღირსი პრეზიდენტობის, არ შეიძლება, საქართველოს სახელით წავიდეს სადმე რომელიმე ვიზიტით. არ უნდა დააზიანოს, ელემენტარულად, მას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები. მთავრობას აქვს ბერკეტი, თავად, საკუთარი ხელით არ განახორციელოს ეროვნული ინტერესების დაზიანების ლეგიტიმაცია, არ განახორციელოს საბოტაჟის ლეგიტიმაცია. ეს არის მთავრობის ბერკეტი, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.