ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ისმის რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების აბსტრაქტული კრიტიკა უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით.

„ისინი გამუდმებით აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ იკავებს სწორ პოზიციას. თუმცა, აბსტრაქტული კრიტიკის მიღმა, ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რაში არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით. ერთადერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც ოპოზიციას ხელზე ჰქონდა დახვეული და რომელსაც თითქმის ერთი თვე ატრიალებდნენ, იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს და ომს ვერ აჩერებს. თუმცა, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებები მოგვიანებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის არგახსნით არის უკმაყოფილო.

„ბევრია ისეთიც, რომელიც ამ აზრს ღიად არ აფიქსირებს. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და კიდევ ერთხელ განვმარტავთ. ბუნებრივია, ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით.

შესაბამისად, სინამდვილეში, ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იმავე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი. თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ.

ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ. ამიტომ, მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს. იმავეს ველოდებით თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც.

ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით. ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და „ნაციონალების“ რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა. ჩვენ ვიცით ოპონირების ფასი. უშეცდომო არავინაა და შეიძლება ჩვენც რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დავაკელით.

მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა, ოღონდ არა აბსტრაქტული კრიტიკა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ხელისუფლებას და რა გინდათ თქვენ. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოვლენებს სიღრმისეულად ვერ აანალიზებს ან ემოციებს არის აყოლილი, მძევლად გყავთ აყვანილი. როგორც ხედავთ, ეს მოცემულობა თქვენს პოლიტიკურ წარმატებას მაინც ვერ განაპირობებს. ამიტომ, გთავაზობთ დისკუსიის ნებისმიერ გონივრულ ფორმატს, რომელიც საქმეში ყველაზე ჩაუხედავ ადამიანსაც კი გააგებინებს სიმართლეს. მოდით და არა ცარიელი სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და არგუმენტებით გვესაუბრეთ ჩვენ და ესაუბრეთ საზოგადოებას.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა უნდა.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი. შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, მზად ვართ, გავმართოთ მათთან საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი