ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეეშვან სპეკულაციებს და აირჩიონ სამი არსებული ვარიანტიდან, რომელია ყველაზე რაციონალური
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეეშვან სპეკულაციებს და აირჩიონ სამი არსებული ვარიანტიდან, რომელია ყველაზე რაციონალური

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მხოლოდ სამი ვარიანტი არსებობს, ესენია: საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, ვირუსის თავის ნებაზე მიშვება ან „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებების მიღება.

ის მოუწოდებს ოპოზიციას, აღნიშნული სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიოს.

„ჩვენ გვაქვს რეალურად სამი ვარიანტი. პირველი – უნდა გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა. ეს არის ერთი, ჰიპოთეტური ვარიანტი. მეორე თეორიული ვარიანტი – მივუშვათ ვირუსი და ვიცით, რა შედეგამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ვირუსის თავის ნებაზე მიშვება. ამის მაგალითია ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც 5600 შეადგენს უკვე შემთხვევები, ჩვენზე პატარა ქვეყანაა და უკვე 5600 რეგისტრირებული შემთხვევაა კორონავირუსის, 335 შემთხვევა დაემატა გასული დღე-ღამის განმავლობაში. ეს შედეგი თუ გვინდა, მივიღოთ. მესამე თეორიული ვარიანტი, მეოთხე არ არსებობს, არის ამ კანონის მიღება. მოდით, მოვუწოდოთ ოპოზიციას, რომელსაც არ აინტერესებთ კონტრარგუმენტები, ვხედავთ, დარბაზში აღარავინ აღარ არის დარჩენილი, მოვუწოდოთ, აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან. მეოთხე ვარიანტი უბრალოდ არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მიიღება სათანადო დროს.

„ან უნდა გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები რეალურად ვეღარ იქნება მიღებული სათანადო დროს – ეს ერთი. მეორე – მივუშვათ ვირუსი და მივიღოთ ის შედეგები, რაც მიიღეს მეზობელმა და არამეზობელმა ქვეყნებმა, ვგულისხმობ მძიმე შედეგებს პანდემიის კუთხით. მესამე – მივიღოთ ეს კანონი. მარტივად, ხვალამდე იფიქრონ და აირჩიონ ერთ-ერთი ამ სამიდან. ვფიქრობ, არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია ამ კანონის მიღება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეეშვან სპეკულაციებს და აირჩიონ ა, სამიდან, ძალიან მარტივად, რომელია ყველაზე რაციონალური ალტერნატივა. ეს არის ჩვენი მარტივი მოწოდება. ხვალამდე დაველოდოთ, თუ არ მივიღებთ პასუხს, ამ შემთხვევაში გაირკვევა ნათლად, რომ ყველაფერი იყო სპეკულაცია და ჩვენ აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეგვიძლია, მივიღოთ ეს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური ზომების შენარჩუნებას საქართველოს მთავრობის მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ენიჭება, საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგია.