ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პაველ ფილიპს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო მიზნების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკაა, თუმცა  ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მეტი შესაძლებლობა არსებობს.

ირაკლი კობახიძემ და პაველ ფილიპმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.

„მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ხაზი გავუსვით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმისა, რომ ერთად ვიდგეთ ჩვენი საერთო ინტერესების დასაცავად. ასევე, შევეხეთ ეკონომიკურ თანამშრომლობას, აღვნიშნეთ, რომ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, თუმცა, არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა და გავაღრმაოთ ასეთი კავშირები. ასევე, შევეხეთ თანამშრომლობის საკითხებს კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროებში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.