ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ბევრი იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში
ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ მოხდეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა. უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და, უფრო მეტიც, ეს გვინდა, გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შექმნილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და გვაქვს სრული მზაობა, რათა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, – განაცხადა პრემიერმა.