ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს საშუალებას, მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით
ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წელსაც შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. გასული ოთხი წლის განმავლობაში,საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4 % და წლევანდელი საშუალო ზრდა შეადგენს 8%-ს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ქვეყანას მისცემს საშუალებას, სწრაფად დაუახლოვდეს საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
„ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ეკონომიკურმა განვითარებამ მოგვცა სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის, მათ შორის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება. მაგალითად, ოთხ წელიწადში განახევრდა სიღარიბე და პირველად დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი – 9.4%. რა თქმა უნდა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საშუალო ანაზღაურების ზრდას, სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და განსაკუთრებულად მოხარული ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.