ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უჭერს მხარს მევენახეებს, მეღვინეებს, ღვინო ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად უჭერს მხარს მევენახეებს, მეღვინეებს. ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია.
„საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ რთველთან დაკავშირებით. ველოდებით სარეკორდო მაჩვენებელს. წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გლეხები და ფერმერები მეტ ყურადღებას აქცევენ შაქრიანობას, დამწიფებას, რაც საბოლოო ჯამში, აისახება ქართული ღვინის ხარისხზე. კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშრებით, დაახლოებით სამ-ოთხ კვირას გასტანს კიდევ ყურძნის ჩაბარება და რეკორდული მოსავალი სათანადოდ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.