ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკვე დეკემბერში იყოს მიღებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ალბათ დეკემბრის დღის წესრიგში უკვე იქნება.
კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი უკვე დეკემბერში იყოს მიღებული.
„ამ საკითხს განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ალბათ უახლოეს დღეებში დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი და ალბათ ეს კანონპროექტი იქნება უკვე დეკემბრის დღის წესრიგში. გამომდინარე იქედან, რომ უკვე ირთვება ის პროცედურები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების გაცემას, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი უკვე დეკემბერში იყოს მიღებული.
ჩვენ ვთქვით, როდესაც შემოვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, კონკრეტული დეპუტატების მხრიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განცხადებები დაკმაყოფილდება და ასევე, მოვუწოდებ მათ, ნუ გაახანგრძლივებენ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადების შემოტანას, დროზე შემოიტანონ ეს განცხადება „ნაციონალებმა“ საქართველოს პარლამენტში. ნუ თამაშობენ, დროზე შემოიტანონ“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე განმარტა, რომ მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა პარტიის გაუქმებაზე.
„პარტიის გაუქმებაზე ხომ არ იყო საუბარი, საუბარი იყო საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე, ეს არის ორი სხვადასხვა რამ. პარტიის გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, აქ საუბარი იყო საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს საარჩევნო ცენზებს, არის როგორც პარტიის ლიდერი ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. თუ ვნახავთ იგივე სურათს, მაგალითად მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე, ან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ვიხილეთ 2020 წელს, მაგალითად სააკაშვილი იყო დასახელებული, როგორც პრემიერობის კანდიდატი, ის საარჩევნო კლიპებს ახმოვანებდა და ა.შ, ასეთ შემთხვევაში გაუქმდება იმ არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. ეს არის არა კანონდარღვევა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა, უბრალოდ საარჩევნო კოდექსი არ შეიცავს ამ დარღვევის წინააღმდეგ რეაგირების მექანიზმს. ერთადერთი მექანიზმი არის 2 000-ლარიანი ჯარიმა. როდესაც საუბარია კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ბუნებრივია არ შეიძლება, სანქცია იყოს მხოლოდ 2 000 ლარი, როდესაც ლიდერის სახით მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში არამოქალაქე და ისეთი პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა. ეს უნდა იყოს სანქცირებული უფრო მეტად, ვიდრე არის 2 000 ლარიანი ჯარიმა.
თვითონ იმთავრებს სააკაშვილი თავს, ამიტომ გვინდა, ვაჩქარებთ და გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ განცხადებები, რათა რაც შეიძლება მალე დაიმთავროს თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.