ირაკლი კობახიძე – მკაფიოდ ვამბობ, რომ დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ

12:14, 01.03.2024

ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ პროცესში დავინახე ხარვეზები და ამის თაობაზე მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს დღევანდელ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით. მედიის წარმომადგენელმა მას მიმართა, იმ ფონზე, როცა ერთ-ერთი კომენტარის დროს ნათქვამი ჰქონდა, რომ არცერთი მინისტრის შეცვლას არ აპირებდა, რას უკავშირდებოდა გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით.

„კითხვა როცა დამისვით სხვა მინისტრთან დაკავშირებით, გიპასუხეთ, რომ კონკრეტულ მინისტრზე გაგეცით პასუხი. ასევე, მაშინ გითხარით, რომ, ზოგადად, იმ მომენტისთვის არ ვგეგმავდი არცერთ ცვლილებას. ეს იყო პროცესი – ერთი ინფორმაცია, მეორე, მესამე. ასეთი გეგმა ნამდვილად არ მქონდა, როდესაც პასუხი გაგეცით. ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე ხარვეზები და ამის თაობაზე მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს.

კიდევ ერთ კითხვაზე, აპირებს თუ არა სხვა მინისტრების შეცვლას, კობახიძემ აღნიშნა:

„თავისთავად ეს კითხვა უკვე არასწორია, რადგან ყველაფერი არის პროცესი. მინდა, მკაფიოდ  გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით პირადად მე კმაყოფილი ვარ, როგორც გასული წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობით, ასევე ახლა როგორც წარიმართება საქმიანობა სამინისტროებში. აქედან გამომდინარე, ძალიან მყარად, მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით პირადად მე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

მსგავსი