ირაკლი კობახიძე - მკაფიო საარჩევნო მიზანი და ამოცანა გვაქვს, რომ 50-პროცენტიან მაჩვენებელს არსებითად ავცდეთ
თავის დროზე, 45 პროცენტი თეორიული დაშვების დონეზე ვთქვი და მერე ეს სხვანაირად დაატრიალეს, თითქოს, 45 პროცენტი იყო გათვლილი, თორემ ჩვენი მკაფიო საარჩევნო მიზანია, 50-პროცენტიან მაჩვენებელს არსებითად ავცდეთ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„რეალურად, 45 პროცენტის პირობებშიც კი, ძალიან რთული იქნება კოალიციის ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მკაფიო საარჩევნო მიზანი და ამოცანა, რომ 50-პროცენტიან მაჩვენებელს არსებითად ავცდეთ, თორემ კოალიციის ფორმირება 45-პროცენტიანი შედეგის პირობებშიც კი, ძალიან რთული იქნება ან თუ სხვადასხვა საფუძვლით შესაძლებელი გახდა, ამ შემთხვევაშიც კი, ოთხი წელი საკმაოდ რთული იქნება, იგივე პოლიტიკური კულტურის დეფიციტიდან გამომდინარე, რომელიც ჩამოყალიბებულია. ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივად შეიძლება, მმართველ ძალას მერკანტილურ გარიგებებში შესვლა მოუწიოს და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, ამის ცდუნება ჩნდება, როდესაც ასეთი სახით მყიფე უმრავლესობა ყალიბდება“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ალექსანდრე ცაგარელის შეკითხვაზე, ახორციელებს თუ არა „ქართული ოცნება“ საარჩევნო შანტაჟს, როცა აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალების უმრავლესობასთან გასაგები მიზეზების გამო ვერ ითანამშრომლებს, რაც შესაძლო პარტნიორთა ძალიან მცირე არეალს ტოვებს და თუ მინიმუმ 45 პროცენტს არ აიღებს, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში ჩაიძირება, კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს და მას რეალობა უნდა დაანახოს.
„აბსოლუტური რეალობაა ის, რომ ღირებულებითი შეუთავსებლობის გამო აბსოლუტურად წარმოუდგენელია კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“, „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ და „ლეიბორისტულ პარტიასთან“. საუბარი იმაზე არ არის, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკა-სტრატეგია გვაქვს და მათ თავიანთი; აქ წმინდა ღირებულებითი შეუთავსებლობაა ერთმანეთთან “, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, დაიკარგება თუ არა მმართველი პარტიის ამ პოზიციის გამო პროპორციული სისტემის მთავარი შესაძლო მონაპოვარი, რაც გულისხმობს საქართველოს ისტორიაში პირველად კოალიციური ხელისუფლების შექმნას, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსს და ა.შ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ეს გზავნილი მარტივი რეალობიდან მომდინარეობს.
„სხვათა შორის, კოალიციის არშექმნაზე საუბარი ჩვენ არ დაგვიწყია. პროპორციული სისტემა ახალი ინიცირებული იყო, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, თუ ვინ არ შევა კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“, რაც იმ სისტემის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მოვლენა იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
ალექსანდრე ცაგარელის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა მას, დაასახელოს თუნდაც, ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელთანაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ კოალიციური შეთანხმება დადოს და მაგალითად, ბიუჯეტის მიღებაში მისი მხარდაჭერა მიიღოს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ დღეს ამის თქმა რთულია, მაგრამ პარლამენტში შესულ შედარებით მცირე პარტიებთან თანამშრომლობის რესურსი ალბათ იქნება.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი ღირებულებით თანხვედრაზე იქნება დამოკიდებული. რესურსი დიდი არ იქნება, თუმცა, გარკვეული რესურსი ალბათ გამოიძებნება, რომ თუ კოალიციის საჭიროება იქნა, გარკვეულ სუბიექტებთან თანამშრომლობა შედგეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პარლამენტში ვინ შევა და ვინ ვერ შევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.