ირაკლი კობახიძე – მივიღეთ სასწრაფო გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირებაზე, განვაგრძობთ მუშაობას, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება
მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე, ბილეთები დაიდო გასაყიდად და ყველა ბილეთი მყისიერად გაიყიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება.
„კიდევ ერთხელ მინდა, ვუსურვო წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს. ძალიან დიდია ინტერესია ამ მატჩის მიმართ. ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება, იმდენად დიდია ინტერესი და გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი დაესწროს თამაშს. ეს გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის, როდესაც არის აქტიური ქომაგობა შენი თანამემამულეების მხრიდან. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მოახერხოს გერმანიაში გამგზავრება ამ მატჩზე დასასწრებად“, – განაცხადა პრემიერმა.