ირაკლი კობახიძე – ხალხს ვუთხარით სიმართლე, თავისი სახელი დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან უცხო ძალებს, მივიღეთ აუცილებელი კანონები, ამ ნაბიჯებით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება

15:53, 26.06.2026

ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება, პირველ რიგში, იმით, რომ ხალხს ვუთხარით სიმართლე. დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან. ამაზე დაგვჭირდა სერიოზული მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ასევე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო აუცილებელი კანონები, რაც, პრემიერის შეფასებით, სიმართლის თქმასთან ერთად, ეს არის მეორე მთავარი ზომა, რომელმაც მისცათ ქვეყნის დამშვიდების საშუალება.

„ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის დამშვიდება. ამაში პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი. განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი „გამჭვირვალობის“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ვითარების დამშვიდების საშუალება. თქვენ იცით, რას ხმარდებოდა უცხოური გრანტები, ეგრეთ წოდებულ ენჯეოებზე გაცემული გრანტები ჩვენს ქვეყანაში. ხმარდებოდა ქვეყნის არევას, თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საბოტაჟის მცდელობას და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, „გამჭვირვალობის“ კანონმა მოგვცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება. მახსოვს, თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოიარეთ თავის დროზე, რამხელა შეურაცხყოფის, უსამართლობის ატანა მოგიწიათ. მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი დადგა მოწოდების სიმაღლეზე. სხვანაირად, ასეთი ბრძოლის გარეშე შედეგები ვერ მიიღწევა. მადლობა პრინციპულობისა და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის.

ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება, პირველ რიგში, იმით, რომ ხალხს ვუთხარით სიმართლე. ძალიან გვიჭირდა ხალხისთვის სიმართლის თქმა. მახსენდება თუნდაც 2021, 2022 წელი, მანამდე წლები, როდესაც საკმარისი იყო ერთი ევროპარლამენტარის უსამართლო განცხადება, რომ ხალხში ამას გამოეწვია სერიოზული მღელვარება. დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან. ამაზე დაგვჭირდა სერიოზული მუშაობა. დაგვჭირდა სიმართლის გაზიარება ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ მანკიერებების შესახებ, რომელსაც ვხედავდით ევროპულ ბიუროკრატიაში, თავის დროზე ამერიკულ ადმინისტრაციაში. რომ არა ამ სიმართლეში საზოგადოების გათვითცნობიერება, ძალიან გაგვიჭირდებოდა ჩვენი საერთო გამოწვევების დაძლევა. ასევე თავისი სახელი დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხო ძალებს. საუბარია როგორც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ეგრეთ წოდებულ მედიასაშუალებებზე და ასე შემდეგ. ეს სიმართლე რომ არაა, რა თქმა უნდა, გამოწვევებთან გამკლავება გაგვიჭირდებოდა. ჩვენ მივიღეთ აუცილებელი კანონები. სიმართლის თქმასთან ერთად, ეს არის მეორე მთავარი ზომა, რომელმაც მოგვცა ქვეყნის დამშვიდების საშუალება. აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოზე ძალადობას ან ძალადობდა სახელმწიფოზე. აქაც გვქონდა რთული პერიოდები, როცა ვერ ვახერხებდით სამართლის აღსრულებას მოძალადეების წინააღმდეგ, თუმცა გასული ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად შევცვალეთ ვითარება. სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. აქ ჩვენი პოზიცია მომავალშიც იქნება სრულიად უკომპრომისო“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი