ირაკლი კობახიძე - მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციაზე ლევან ხაბეიშვილის დიდხანს დარჩენას
ირაკლი კობახიძე - მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციაზე ლევან ხაბეიშვილის დიდხანს დარჩენას

კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში ყველასთვის მნიშვნელოვანია, ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელიც კვიპროსში კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით არაფერი იცვლება.

„ხაბეიშვილს რაც შეეხება, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი. ახლა როგორც არ უნდა ისაუბრონ განსხვავებული ფორმით, ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან კეზერაშვილზე, ის თავის სისხლიან ფულს, კორუფციით ნაშოვნ ფულს აბანდებს ქართულ პოლიტიკაში, წარუმატებლად, მაგრამ ეს მაინც ასეა. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ ვიღაცას მოსწონს კეზერაშვილი და ვიღაცას – არა, არის ცარიელი ფარსი. ისინი იღებენ დაფინანსებას კეზერაშვილისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.