ირაკლი კობახიძე - მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას
ირაკლი კობახიძე - მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას

დღეს საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პარლამენტის სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა, იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით დადებულ პოლიტიკურ შეთანხმებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეთანხმების მთავარი ამოცანა არის არა პარლამენტში ვინმეს შემოსვლა-არშემოსვლა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი ამოცანა და ფაქტორია, არამედ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება, ნაკლები დესტრუქციისა, მეტი კონსტრუქციის უზრუნველყოფა პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევი რჩება. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას „ქართული ოცნების“ და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას.

„ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი. ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიასა და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება. ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და რაც მთავარია, ორი წლის მანძილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის. როგორც გახსოვთ, მან ძალიან მძიმე ვითარების ფონზე ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი და ამის შემდეგ მას მოუწია არაერთი რთული ეტაპის გამოვლა ჩვენს საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და თითოეულ ამ ეტაპზე ის გამოირჩეოდა როგორც ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას. კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას ორი წლის მანძილზე გაწეული გამორჩეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი