ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე არ განულდება და უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა
ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე არ განულდება და უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა

ოპოზიციის წარმომადგენლები კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და, მგონი, ამაში 48 ათას დოლარს ხარჯავენ. 48 ათასი დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის სიღარიბის დაძლევაში დახმარების გაწევა და არა აბსურდული კამპანიის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ სიღარიბესთან დაკავშირებით კონკრეტულ მონაცემებზე ისაუბრა.

„15,4 პროცენტი არის 2022 წლის მაჩვენებელი, ძალიან მძიმე ვითარებაა. მართალია, „ნაცმოძრაობის“ დროს, ანუ ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო მილიონ 150 ათასი და ახლა არის 600 ათასზე ნაკლები, პრაქტიკულად, განახევრებულია სიღარიბე, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით კმაყოფილი და ბედნიერი. ჩვენ ვიქნებით ბედნიერი მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ამ თემით სპეკულირება არის აბსოლუტურად მიუღებელი, რადგან მათ დაგვიტოვეს მილიონ 150 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. უმუშევრობაზეც იგივეა. ისტორიული მინიმუმი გვაქვს დღეს, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი, რასაც ვაკეთებთ, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე 2022-ში, შარშან გვქონდა 7,5 პროცენტი, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებლებს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი იარაღი, ინსტრუმენტი არის სწორედ ეკონომიკური ზრდა. იმისთვის ხორციელდება, მათ შორის, ეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობანის მშენებლობა, პორტების განვითარება, აეროპორტების განვითარება და ასე შემდეგ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, მათ შორის, სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. გრძელდება მუშაობა ყველა თემაზე და სწორედ ეს პროცესი არის დაკავშირებული, საბოლოო ჯამში, სამუშაო ადგილების შექმნასთან, ასევე, დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ისე დასაქმების კუთხით, ასევე, ნებისმიერი სხვა სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით. ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი, ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობა საბოლოოდ არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა კობახიძემ.