ირაკლი კობახიძე - მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში
ირაკლი კობახიძე - მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში

რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი – კახა კალაძე. მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, თბილისი დღეს ბევრად უფრო ლამაზი, განვითარებული და სიცოცხლით სავსეა, ვიდრე რვა წლის წინ იყო. პრემიერის თქმით, ეს, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა.

„კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო, რომ თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ. ეს არის, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში როგორც რიგითმა თბილისელმა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრასა და თბილისის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.