ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

„მაშინ სააკაშვილს და მთლიანად „ნაცმოძრაობას“ არ სურდა ძალაუფლების დათმობა. მათ ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული ჰყავდათ სპეცრაზმები. გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში. ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში, თუმცა საბოლოო ჯამში, მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა. შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად, მას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი, ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე საუბრისას მაგალითად 2012 წელს საქართველოს არჩევნები მოიყვანა. მისი თქმით, 2012 წელს საქართველოში იყო წუხილი იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშილი უარს იტყოდა ძალაუფლების დათმობაზე. სენატორის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს ის და სენატორი რიში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. „ჩვენ დავსხედით და მივუთითეთ, რომ დემოკრატიის ფუნდამენტი, რომლისთვისაც მან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი იშრომა რვა წლის განმავლობაში, ძალაუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით გადაცემა იყო“, – აღნიშნა სენატორმა შაჰინმა.

დატოვე კომენტარი