ირაკლი კობახიძე - მესამე მოსმენა ჩატარდება ორ კვირაში, აქედან ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა, მთავარია ეროვნული ღირსების დაცვა, კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე
კანონპროექტის მესამე მოსმენა ჩატარდება ორ კვირაში, აქედან ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. თუ ვინმეს აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნახვა, ამის საშუალება ექნება ვეტოს დაძლევამდე და ვნახოთ, რა ეწერება იქ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, თუ იქნები პრინციპული გადაწყვეტილებებში, ამ შემთხვევებში, შეინარჩუნებ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო წინ წახვალ ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„ორ კვირაში გვექნება კანონპროექტის მესამე მოსმენა. აქედან დაახლოებით ერთ თვეში იქნება ვეტო-ს დაძლევა. ჩვენ ზოგჯერ მიგვითითებენ ხოლმე ვენეციის კომისიაზე, იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა. თუნდაც ამას დაველოდოთ, გახსოვთ, შარშან პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი, შემდეგ ვთქვით, რომ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებამდე საერთოდ აღარ გავაგრძელებდით კანონის განხილვას. ეს პირობა იყო დადებული. ამის მიუხედავად, პირდაპირ გამოვიდნენ უხეშად აქაური აგენტურა, მათი მეგობრები და პირდაპირ გვითხრეს, რომ არ გაბედოთ, ვენეციის კომისიაში გაგზავნაც კი არ გაბედოთო. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ რაღაცებს რომ ვიხსენებთ, კიდევ ერთხელ გვრჩება აღქმა, რომ ვიღაცებს სურთ, ეს ქვეყანა არასდროს დაასვენონ.
2023 წელს რა მოხდა? ვიღაცები ცდილობდნენ, ერყიათ ეს ქვეყანა, არ დაესვენებინათ, მოეწყოთ რევოლუცია. აქ საუბარი არ მაქვს ევროკავშირზე. სამწუხაროდ, ევროკავშირი იმ მომენტში მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო გამარტივდა ევროკავშირზე ზეწოლა სხვადასხვა მიზეზის გამო და მოხდა ისე, რომ 2022 წელს ჩვენ უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. როგორ შეიძლება, ახსნა, რატომ არ მოგვცეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, რამე ახსნა აქვს ამას? არავითარი ახსნა არ აქვს. მოლდოვას აძლევ, დსთ-ის წევრს, უკრაინას, და საქართველოს არ აძლევ. კორუფციის კუთხით, იცით, რა ხდება მოლდოვაშიც და უკრაინაშიც. პირდაპირი ფორმით რომ ვთქვათ, კორუფციაში იხრჩობა ორივე ქვეყანა – ინსტიტუტების სისუსტე, სასამართლოს პრობლემები და ასე შემდეგ. იმ ორ ქვეყანას აძლევ სტატუსს, საქართველოს – არა, რასაც არავითარი ახსნა არ აქვს. ანუ, მაშინ ევროკავშირი მოექცა სერიოზული ზეწოლის ქვეშ, ამიტომ, აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც გამოყენებული იქნა რევოლუციის მცდელობისთვის.
ვერავინ ახსნის, რატომ არ მოგვცეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვახერხეთ, შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, თავიდან აგვეცილებინა დესტაბილიზაცია და ბოლოს მივიღეთ კანდიდატის სტატუსიც. თუ იქნები პრინციპული შენს გადაწყვეტილებებში, ამ შემთხვევაში, იმავე შედეგს მიიღებ, შეინარჩუნებ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო წინ წახვალ ევროინტეგრაციის მიმართულებით. მაშინ ჩვენ პრინციპულად რომ არ გვებრძოლა, ბოლომდე რომ არ გაგვეტანა ყველაფერი, დღეს არ გვექნებოდა მშვიდობა, მით უმეტეს, სტაბილურობა და უკან მოგვრჩებოდა საერთოდ ევროკავშირი, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება. აქედან გამომდინარე, მთავარია ეროვნული ღირსების და პრინციპების ბოლომდე დაცვა. ამას თუ გააკეთებ, შედეგებს მიიღებ ყველა მიმართულებით. ამ კანონსაც მივიღებთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით ყველაზე ადრე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.