ირაკლი კობახიძე - მდიდარმა „ენჯეოებმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი კლანური პრინციპით შეარჩიეს, სამიდან ერთ-ერთმა გასაუბრებაზე მოსვლაც ვერ გაბედა, იმდენად არაკომპეტენტურია
ირაკლი კობახიძე - მდიდარმა „ენჯეოებმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი კლანური პრინციპით შეარჩიეს, სამიდან ერთ-ერთმა გასაუბრებაზე მოსვლაც ვერ გაბედა, იმდენად არაკომპეტენტურია

ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული პრინციპები. პირველ რიგში, როდესაც საუბარი ეხება სახალხო დამცველს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. კრიტერიუმი არის ის, რომ შესაბამისი ორგანოების წევრებმა, თუ თანამდებობების პირებმა, საკუთარი ფუნქციები უნდა შეასრულონ პოლიტიკურად მიუკერძოებლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის არჩევის დროს ვერ გაკეთდება კომპრომისი არაკეთილსინდისიერებაზე, არაპროფესიონალიზმზე და მიკერძოებაზე, სხვა დანარჩენი, შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს.

„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, პროფესიონალიზმი იქნება. მაგალითად ნახეთ, რომ კლანური პრინციპით შეარჩიეს სამი კანდიდატი მდიდარმა „ენჯეოებმა“ და იმ სამიდან, ერთ-ერთმა გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა, იმდენად არაკომპეტენტურია. ყველამ იცის იურიდიულ საზოგადოებაში რამდენად არაკომპეტენტურია ეს კონკრეტული კანდიდატი. გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა პარლამენტში, რითაც პარლამენტს შეურაცხყოფა მიაყენა. ასეთი რაღაცები ხდება. ჩვენთვის მთავარი რა არის, რომ ორი კრიტერიუმი ავიღოთ, ეს არის მიუკერძოებლობა და კომპეტენცია და კეთილსინდისიერებაც ამ ყველაფერს უკავშირდება და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. სადაც ვერ წავალთ კომპრომისზე, ეს არის სწორედ ეს ორი კრიტერიუმი. ჩვენ ვერ წავალთ კომპრომისზე არაკეთილსინდისიერებასთან, არაკომპეტენტურობასთან და მიკერძოებასთან. ამასთან, ვერ წავალთ კომპრომისზე. ყველაფერ დანარჩენზე, ბუნებრივია, კომპრომისზე შეგვიძლია, წავიდეთ და ამას გავაკეთებთ ისევ და ისევ იმისთვის, რომ თუნდაც, ის 12 პუნქტი შესრულდეს, წინ წავიწიოთ კიდევ უფრო მეტად კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.