ირაკლი კობახიძე - მაუწყებლობის შესახებ კანონის თვის ბოლომდე პირველი მოსმენით მიღება იყო ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნა
ირაკლი კობახიძე - მაუწყებლობის შესახებ კანონის თვის ბოლომდე პირველი მოსმენით მიღება იყო ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნა

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა, მეტიც, კონკრეტულად თვის ბოლომდე პირველი მოსმენით მიღება იყო ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რა საჭიროება დადგა დღეს და რატომ გახდა აქტუალური მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით ცილისმწამებლურ ნაწილთან მიმართებაში სასამართლოში გასაჩივრების აღნიშვნა და გამოყოფა, რაც აქამდეც შესაძლებელი იყო და რაც გარკვეული ჯგუფების მხრიდან შეიძლება, წარმოდგენილი იყოს, როგორც მედიის შეზღუდვა.

„არის კონკრეტული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია საქართველო, როგორც ქვეყანა და იქიდან წევრობის გაუქმების რისკიც კი დგებოდა. ამაზე პირდაპირ გაგვაფრთხილეს ევროკავშირიდან. ანუ, მათი ინიციატივა იყო ამ კანონის მიღება. დეტალებში შესვლას დღეს პრინციპში, აზრიც არ აქვს, რადგან ჯერ პირველი მოსმენით მიიღება, პრინციპების დონეზე, ამის შემდეგ იქნება ინტენსიური კონსულტაციები მეორე და მესამე მოსმენამდე. ჩვენ არ ვჩქარობთ. ანუ, პირველი მოსმენა იყო საჩქარო, ამას ითხოვდა ევროკავშირი. წლის ბოლომდე შეიძლება, აღარც ვიჩქაროთ, თუ გვექნება ინტენსიური კონსულტაციები, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან და იქ უკვე თითოეული ნორმა შეჯერდება. თუ რამეზე იქნება შენიშვნები, ეს მათი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, კონსულტაციების საფუძველზე ახლებური ფორმულირებით ჩამოყალიბდება შესაბამისი ნორმები. როცა საუბარია მედიის შეზღუდვაზე, თვითონ ამ მოთხოვნის არსიც ეს იყო“, – განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, შეზღუდვა არ არის აუცილებლად ნეგატიური ტერმინი.

„ადამიანის უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია იმისათვის, რომ სხვა უფლებები იყოს დაცული. მათ შორის, ერთ-ერთია მედიის თავისუფლება. როდესაც საუბარია სიძულვილის ენაზე აქ, რა თქმა უნდა, შეზღუდვაზეა საუბარი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირი ითხოვს მისი თავისუფლების შეზღუდვას იმისათვის, რომ სიძულვილის ენისგან იყვნენ ადამიანები დაცული. ეს არის მთელი არსი ამ მოთხოვნის და შესაბამისად, ამ კანონპროექტის“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ აქ მთავარია, ჭარბად არ შეიზღუდოს მედიის თავისუფლება და მაქსიმალური ბალანსი იყოს დაცული მედიის თავისუფლებასა და ადამიანთა ინტერესებს შორის, რომლებიც შეიძლება, გახდნენ სიძულვილის ენის მსხვერპლი.