ირაკლი კობახიძე – მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ორ ევროპელ ელჩზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს ანგარიში კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით

12:39, 05.11.2026

მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ორ ევროპელ ელჩზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს ანგარიში კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რაც აკრძალულია ყველა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სამართლებრივი პრინციპების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.

„კონკრეტული ორი ევროპელი ელჩი იყო, რომელიც მისული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელიც ითხოვდა ინფორმაციას კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რაც სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევაა. ასევე, თქვენ ისმენდით საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას საქართველოში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ეხებოდა თუ არა ეს პარტიების აკრძალვის საქმეს.

„ბოლო პერიოდში ამ საქმესთან დაკავშირებითაც მოითხოვეს ინფორმაცია. მანამდე იყო ასევე სხვა საქმეებთან დაკავშირებით ანალოგიური პროცესები, რაც არასწორია. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და სამართლის უზენაესობას პატივი უნდა სცენ ჩვენთანაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი