ირაკლი კობახიძე - მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის მიერ ინფორმაციის გასაჯაროვება დანაშაულის პრევენციას ემსახურება
ირაკლი კობახიძე - მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის მიერ ინფორმაციის გასაჯაროვება დანაშაულის პრევენციას ემსახურება

აშკარა იყო საფრთხე კონკრეტული ოჯახის მიმართ, ამ საფრთხეს სჭირდებოდა პრევენცია და ძალიან კარგია, რომ სუს-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მალხაზ მაჩალიკაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში არ იყო უბრალოდ აღშფოთებული ადამიანის საუბარი, არამედ იყო კონკრეტული დავალება გაცემული ოჯახის წევრზე.

„არ ვიცი, ის ჩანაწერი იურიდიული კვალიფიკაციის კუთხით იძლევა თუ არა ამ ეტაპზე დაკავების შესაძლებლობას, ამაზე პასუხი უნდა გასცენ სამართალდამცავმა ორგანოებმა. თუმცა, თავისთავად ამ ინფორმაციის საჯაროობა იყო მნიშვნელოვანი, რადგან ის ემსახურება დანაშაულის პრევენციას. თქვენ ხედავდით, რომ ეს არ იყო უბრალოდ აღშფოთებული ადამიანის საუბარი, იყო კონკრეტული დავალება გაცემული ოჯახის წევრზე. აქედან გამომდინარე, აშკარა იყო საფრთხე კონკრეტული ოჯახის მიმართ, ამ საფრთხეს სჭირდებოდა პრევენცია და ძალიან კარგია, რომ სუს-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

დატოვე კომენტარი