ირაკლი კობახიძე - მადლობას ვუხდი ევროკავშირის ელჩს, ყველა პოლიტიკოსს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩვენს პრეტენზიებს, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს
ირაკლი კობახიძე - მადლობას ვუხდი ევროკავშირის ელჩს, ყველა პოლიტიკოსს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩვენს პრეტენზიებს, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს

მადლობას ვუხდი ევროკავშირის ელჩს, ყველა პოლიტიკოსს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ჩვენს პრეტენზიებს, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან უსამართლო განცხადებები და რეზოლუციები დღეს არსებითად შეწყდა და მმართველ გუნდს აღარ უწევს ასეთ საკითხებზე რეაგირება, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე.

„თავის დროზე იყო უსამართლო განცხადებები, რაზეც ჩვენ გვიწევდა რეაგირება. მე მქონდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება. სწორედ ასე წარიმართება დღეს პროცესები. ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ აღარ გვიწევს რეაგირება ასეთ საკითხებზე, რაც დადებითად აისახა ორმხრივ ურთიერთობებზე. სადაც იქნება სამართლიანი მიდგომა, კონსტრუქციული მიდგომა, იქ, ბუნებრივია, ძალიან მჭიდროდ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

მე მადლობას გადავუხდი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, რომელმაც პერსონალურად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში, ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს პრეტენზიებს და, საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და, შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც დამატებით დადებითად აისახება ურთიერთობების გაღრმავებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.