ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელს, იოჰანეს ვან დერ კლაუვს შეხვდა.
მხარეებმა საარჩევნო გარემო მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არსებულ გამოწვევებს.
იოჰანეს ვან დერ კლაუვის შეფასებით, დამკვირვებელთა ანგარიშების მიხედვით, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს და გაერო-ს აქვს მყარი მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ირაკლი კობახიძემ ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, ასევე, საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი მომავლისკენ“ გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაციის ობსტრუქციული ქმედებების მიუხედავად, ინიციატივა ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ირაკლი კობახიძემ იოჰანეს ვან დერ კლაუვს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გაერო-ს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მხარეები პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.