ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს, ხელი შევუწყოთ საქართველოსთან დიასპორის კავშირს, გაუგებარია, რატომ უნდა დავუწესოთ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს 
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს, ხელი შევუწყოთ საქართველოსთან დიასპორის კავშირს, გაუგებარია, რატომ უნდა დავუწესოთ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ.

როგორ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, კონსტიტუცია ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყონ დიასპორის კავშირს საქართველოსთან.

„ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გამომდინარე იქიდან, რომ რუსული მხრიდან წინასწარ იყო გაჟღერებული ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია ასეთია – არის მილიონამდე ქართველი პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. ამ ადამიანებს უწევთ სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რუსეთმა ამ ადამიანებს 2019 წელს დაუწესა სასჯელი – სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ, არის ამ სანქციის მოხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, რადგან  ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, როდესაც სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ. მიზეზი მარტივია – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ, სინამდვილეში, საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას. ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგალითად, ჩვენ თუ გვქონდა შარშან 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა, სულ მცირე, 10-18% ეკონომიკური ვარდნა. ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება და ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მტკიცე პოზიცია დავიჭირეთ. დღეს თუ ეს „ქართული ოცნებისთვის“ არის ჯილდო, გამოდის, რომ მაშინ, 2019 წელს რუსეთმა „ქართული ოცნება“ დასაჯა. მაშინაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ, ანუ მაშინ დასაჯა „ქართული ოცნება“, დღეს დააჯილდოვა – სად არის აქ ლოგიკა? რეალობა არის ერთი – ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გამოხატულებაცაა დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. რატომ უნდა გადაიხადონ ჩვენმა მოქალაქეებმა სამჯერ ძვირი მგზავრობაში, რატომ უნდა მოუწიოთ სხვა ქვეყნებით ჩამოსვლა, რაც მათ აბრკოლებთ. ჩვენ კონსტიტუციურ ვალდებულება გვაქვს, ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან. ჩვენ კონსტიტუცია გვაკისრებს ვალდებულებას, ვიზრუნოთ ამ ადამიანების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე. რატომ უნდა დავუწესოთ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს, ეს გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.