ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი რაღაცაზე საერთოდ არ არის პასუხისმგებელი, მაგრამ მაინც უნდა, მთავრობას ჩაეჭრას, რა ლოგიკაა, არ ვიცი
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი რაღაცაზე საერთოდ არ არის პასუხისმგებელი, მაგრამ მაინც უნდა, მთავრობას ჩაეჭრას, რა ლოგიკაა, არ ვიცი

პრეზიდენტთან მეც მქონდა არაერთი შეხვედრა გასული თვეების განმავლობაში, მათ შორის, ელჩების დანიშვნის თემაზეც გვისაუბრია და ჩვენ ერთმანეთს არგუმენტები გავუზიარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ იყო კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ჩვენ ამას ვაკეთებდით, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე საჯაროდ გვესაუბრა და დღემდე არ ვიცი, პრეზიდენტმა რატომ გადაწყვიტა, საჯაროდ ესაუბრა პრობლემაზე, რომელიც თავადვე შექმნა. რატომღაც, მან გადაწყვიტა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შიდა საუბრების დროს ვამახვილებდით ყურადღებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როდესაც პრეზიდენტმა ელჩების დანიშვნაზე უარი თქვა, ჰქონდა თუ არა მმართველ გუნდს ურთიერთობის გარკვევის, პრეზიდენტის არგუმენტების მოსმენის და საკუთარი კონტრ-არგუმენტების წარდგენის მცდელობა.

შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ამ თემაზე საჯაროდ, მით უმეტეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბარი და როგორია მისი ვარაუდი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც პრობლემა იქმნება, ბუნებრივია, რაღაც ვარაუდები ჩნდება, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, პრობლემა მოაგვაროს, პირველ რიგში, კონსტიტუციის დაცვის კუთხით და ვარაუდებზე საუბარი აღარ სურს.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ორი-სამი წლის წინ პრეზიდენტის ინსტიტუტს ანგარიში გაუწიეს, ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად პრეზიდენტის კანდიდატურა დაინიშნა და ამ ქვეყანაში საქართველოს ხელისუფლებას ახლა პრობლემები აქვს, რადგან ელჩი კომპეტენტური არ არის და ამ პრობლემების სათავე რეალურად ისაა, რომ ელჩი დანიშნა არა იმ ორგანომ, რომელიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვა ორგანომ, რომელიც ამაზე პასუხისმგებელი არ არის.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ელჩის დანიშვნაზე პრეზიდენტს არავითარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეუძლია, ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შეხედულებები და ეს შეხედულებები გამოთქვას, მაგრამ მთავრობას რომც არ მოეწონოს, ამას განსაკუთრებული რეაგირების გარეშე დატოვებს.

„ერთადერთი, სადაც მკაფიო რეაგირება და რეაქცია გვექნება, ეს არის კონსტიტუციის დაცვა. მეტ სიღრმეში შესვლას არ ვაპირებთ და არანაირი უთანხმოება არ გვაინტერესებს პრეზიდენტთან. კონსტიტუციის მიხედვით მას აქვს თავისი როლი, ფუნქცია და მთავარია, ის ამ როლსა და ფუნქციას არ გასცდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს საპარლამენტო სისტემა, სადაც ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი პარლამენტის, კონსტიტუციის, ხალხის წინაშე, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე და პრეზიდენტის ვიზიტებმა რომ რაღაც გააფუჭოს, ამაზეც მთავრობაა პასუხისმგებელი.

„კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი რაღაცაზე საერთოდ არ არის პასუხისმგებელი, მაგრამ მაინც უნდა ამის გაკეთება. პრეზიდენტს უნდა, ჩაეჭრას მთავრობას, რომელიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი და ეს რა ლოგიკაა, არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა გააფუჭა პრეზიდენტმა ცნობილი ვიზიტებით და იყო თუ არა მისი გზავნილები სწორი, რაც საზოგადოებამ მედია საშუალებებით მოისმინა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ არ იცის, რაზე იყო საუბარი პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრებზე.

„საჯაროდ ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტში გამოსვლა, მიტინგზე გამოსვლა და რეალურად, არც ერთი არ წაადგა ქვეყნის არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკას. ეს ვიცით და იქ არ ვიცით, რა იყო. შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვერ იღებ იმაზე, რაც არ იცი. მაგალითად, თქვენ ხომ ხართ პასუხისმგებელი თქვენ გადაცემაზე და სხვას ხომ არ წააყვანინებთ ამ გადაცემას?! მე ხომ არ დამსვამთ და წამაყვანინებთ, არა?! აი, ამაზეა საუბარი, უმარტივეს რაღაცაზე. მაგალითად, რაღაც გადაცემა არის მთავრობის წასაყვანი, პრეზიდენტს კი უნდა, ჩაეჭრას და გადაცემა მთავრობის მაგივრად წაიყვანოს. მთავარი იცით, რა არის?! თქვენ რომ მე გადაცემის წამყვანად დამსვამთ და ამ გადაცემას ცუდად წავიყვან, პასუხი თქვენ მოგეთხოვებათ, მე კი არა?! შეიძლება, გადაცემა მეც კარგად წავიყვანო, მაგრამ რადგან ამ გადაცემაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ, მე არ დამსვამთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.