ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციასთან მიმართებით ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა სწორი არ არის
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციასთან მიმართებით ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა სწორი არ არის

კონსტიტუციასთან მიმართებით ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა სწორი არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, კონსტიტუციური სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იფუნქციონიროს კონკრეტული კონსტიტუციური ჩარჩოს მიხედვით და ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით არ არის სწორი. ჩვენ სწორედ იმიტომ დავადგინეთ კონსტიტუციის გადასინჯვის რთული პროცედურა, რომ გვინდოდა კონსტიტუციური სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, როგორც წესი, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ორი მოწვევის პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

„ეს არის კონსტიტუციის სტაბილურობისთვის გაკეთებული და ეს არის ღირებულება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, კონსტიტუცია უნდა იყოს სტაბილური. კონსტიტუციის დღევანდელი, მოცემული ტექსტი უზრუნველყოფს გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და ვფიქრობ, ამ ჩარჩოში უნდა გაგრძელდეს ჩვენი სახელმწიფოს განვითარება. ეს არ არის ჩემი ინიციატივა, მე მაქვს ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩემ პოზიციაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება, დეპუტატებს მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ საკუთრი ინიციატივა. მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოს აქვს უმაღლესი, ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია.

„ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ კონსტიტუციის სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ გვაქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ ორი წლის წინ და შესაბამისად, უნდა გავუფრთხილდეთ ამ დოკუმენტსა და მის სტაბილურობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, განცხადება დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.