ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში, საიდანაც შემდეგ უარყოფითი გზავნილები გამოდის, მათ აინტერესებთ არეულობა, გადატრიალება, ომი ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში, საიდანაც შემდეგ უარყოფითი გზავნილები გამოდის, მათ აინტერესებთ არეულობა, გადატრიალება, ომი ჩვენს ქვეყანაში

მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ევროპული მომავალი, არც ზოგადად მომავალი, აინტერესებთ ერთადერთი რამ, არეულობა, გადატრიალება, ომი ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ დებატების მიმართ. ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ არგუმენტები, ფაქტები ყველაფერთან დაკავშირებით. თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამაზე გვინდა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. თუ მიაჩნიათ, რომ არ იმსახურებს, ამაზეც გვინდა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. მნიშვნელოვანია მათგან პოზიციის დაფიქსირება, რას ფიქრობენ და რა იქნება სამართლიანი ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ოპოზიციის არგუმენტების მოსმენა.

„ჩვენი მხრიდან შესაბამისი კითხვებიც დაისმება, ბუნებრივია, ჩვენი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ყველა პარამეტრით წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. არამარტო გვწამს, ეს არის ფაქტები, რომლებსაც ადასტურებს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უალტერნატივო და ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ივნისის ბოლოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან წარმოდგენილი მეტი დეტალი, როგორ უშლის ხელს ოპოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში, საიდანაც შემდგომ უარყოფითი გზავნილები გამოდის.

„ძალიან მარტივად, ჩვენ ვიცით, საზოგადოებამ იცის, რომ მაგალითად, ეს ადამიანები, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და მერე იმ კაბინეტებიდან გამოდის კონკრეტული უარყოფითი გზავნილები, რაც, ბუნებრივია, არის მათი აგიტაციისა და პროპაგანდის შედეგი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც მიჩვეული ვართ. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის დროს, ვიდრე მივიღებდით ამ სტატუსს, ახლაც, სამწუხაროდ, იგივე მეორდება. მე, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ მათი ბუნება, დარწმუნებული ვარ, სულმოუთქმელად ელოდებიან, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. მე მჯერა, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ ასევე მჯერა იმის, რომ სამწუხაროდ, მათი მოლოდინი არის განსხვავებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსს ამ ყველაფერში. მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ევროპული მომავალი, არც ზოგადად მომავალი, აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის არეულობა, გადატრიალება, ეს არის ბოლოს ომი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მათი ერთადერთი ინტერესი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება ის, რომ მათ აინტერესებდეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.