ირაკლი კობახიძე – კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა ფორმის, ყველაფერი კეთდება, მაგრამ ყველას ესმის, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება

14:35, 22.06.2022

კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზოგი წერილობითი ფორმით. ყველაფერი კეთდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის რაიმე არსებითი სხვაობა ვერ იქნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას: „უმრავლესობის მხრიდან იყო პოზიცია, რომ აქციებს ევროინტეგრაციის წასახალისებლად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შინაარსი ასეთი იყო. მას შემდეგ, რაც გაიგეთ რეკომენდაციები, პირველადი დასკვნა, რა გააკეთეთ, რა გგონიათ, რას ექნებოდა აზრი, რომ გადაწყვეტილება პოზიტიურისკენ შეცვლილიყო“.

კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიული შანსია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული იყოს.

„ზოგადად, ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. კომისიის შემდეგ აზრი აღარ აქვს, რადგან ყველამ იცის, ჩენც ვიცით და ოპოზიციამაც იცის. აქაც ფეიკკამპანიას აწარმოებენ, თითქოს რაღაც შეიძლება, შეიცვალოს. მხოლოდ თეორიული შანსია, რომ რაღაც მოხდეს. პრაქტიკული შანსი ამის არ არსებობს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, გარკვეული საბჭოს საქმიანობაში და გამოაქვთ იქიდან ინფორმაცია, უკვე თქვეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას გაიმეორებს საბჭო.

ანუ ამ დღეებში რაიმეს შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ერთადერთი კიდევ ერთი არასწორი მოლოდინი შექმნეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ემოციები გაახურონ. კომუნიკაცია არ წყდება, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მაგრამ რაც შეეხება იმას, მაგალითად, ვიზიტი, რომ გააკეთო ამ 2-3 დღეში, ეს რა თქმა უნდა, არაფერს შეცვლის. ბუნებრივია, კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზოგი წერილობითი ფორმით. ყველაფერი კეთდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის რაიმე არსებითი სხვაობა ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი