ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს, რომ იგებენ არჩევნებს, თუმცა მათ უკვე წააგეს რვა არჩევნები და წააგებენ მეცხრე, მეათე და გარანტირებულად მეთერთმეტე არჩევნებსაც
ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს, რომ იგებენ არჩევნებს, თუმცა მათ უკვე წააგეს რვა არჩევნები და წააგებენ მეცხრე, მეათე და გარანტირებულად მეთერთმეტე არჩევნებსაც

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყოველი არჩევნების წინ არწმუნებს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა შემდეგ ამომრჩევლებში იმედგაცრუებას იწვევენ.

„2012 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობა“, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გამუდმებით საუბრობს, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე რვა არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მეცხრე, მეათე და გარანტირებულად ასევე მეთერთმეტე არჩევნებს. ყოველი არჩევნების წინ ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩევლებში იწვევენ იმედგაცრუებას. ამით ალბათ თავიანთი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი არის შემცირებული, სწორედ ეს იმედგაცრუებაა. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების. რვაჯერ მოატყუეს, რომ იგებნენ არჩევნებს და რვაჯერ წააგეს არჩევნები. რა თქმა უნდა, მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ შემდეგ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„მძიმე მდგომარეობაა, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“. გრძელდება დაპირისპირება, აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა მელიამ აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ალბათ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით.

თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ, თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16-პროცენტიანი რეიტინგით. შეიძლება, ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან. ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16 პროცენტით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან სხვები, რომლებსაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ. გასაგებია, საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.