ირაკლი კობახიძე - კობა გვენეტაძის მოსმენაზე შედგება დისკუსია და ვფიქრობ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
ირაკლი კობახიძე - კობა გვენეტაძის მოსმენაზე შედგება დისკუსია და ვფიქრობ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

ორი მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი, ერთი ზოგადად, დაკრედიტების სისტემას ეხება, ხოლო მეორე კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც ცნობილ დიკუსიებთანაა დაკავშირებული, – ამის შესახებ ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პარლამენტის სესიაზე მოსმენასთან დაკაშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხებზე წარადგენს მოხსენებას კობა გვენეტაძე.

„შედგება დისკუსია და ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. დაკრედიტების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სისტემის შეცვლა იყო. ეს ამოცანა შესრულდა. ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ „შავ სიაში“ აღარ მოხვდნენ ადამიანები, ასეთი ადამიანების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს. როგორც იცით, „ვალების განულების პროგრამამ“ უზრუნველყო ის, რომ შემცირებულიყო მათი რაოდენობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არსებითად მაჩვენებელი პრაქტიკულად განულებულია.

„თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში არასწორი დაკრედიტების სისტემით არ მოხდეს ისევ 600 ათასი ადამიანი ამ „შავ სიაში“. ამას ემსახურებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც მთავრობის და ეროვნული ბანკის მხრიდან გადაიდგა. თუ რამე კორექტივებზე შეიძლება, იყოს საუბარი, რა თქმა უნდა, ესეც შეგვიძლია სფეროების მიხედვით განვიხილოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადაიდგა.

„ვფიქრობ, ეს მოხსენება წარმოადგენს იმას, რომ ძალიან სწორი და ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით და ეს ნაბიჯები ადამიანების ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მეორე საკითხთან დაკავშირებითაც, რომელიც „თიბისი ბანკს“ ეხება, აბსოლუტურად მკაფიო და ზუსტი პასუხები გაეცემა ყველაფერს.

კობა გვენეტაძე პარლამენტის სესიაზე დღეს საბანკო რეგულაციებსა და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ისაუბრებს.