ირაკლი კობახიძე - კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვაყენებ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, შეაფასონ ნიკა გვარამიას განცხადება
ნიკა გვარამიას გამონათქვამი არ იყო უბრალო მეტაფორული გამონათქვამი, ეს იყო კონკრეტული მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც მხარს უჭერენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე დღეს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაყენებ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ მათ შეაფასონ ნიკა გვარამიას ეს განცხადება, – განაცხადა „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს იქნება მათი შეფასების ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ან ისინი მოახდენენ თვითლუსტრაციას ძალიან მძიმე ფორმით, ან ისინი ერთხელ და სამუდამოდ სწორად და ადეკვატურად შეაფასებენ იმ გამონათქვამს, რომელიც გააკეთა ნიკა გვარამიამ.
„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ეს არის ფაშისტური განცხადება, ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძველი და ამაში ალბათ მთელი საზოგადოება დაგვეთანხმება. ფაშიზმი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების მოკვეთა ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის სფეროდან. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ეფუძნება ადამიანის ღირსების ტოტალურ შელახვას. როდესაც ასეთ განცხადებას არ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა იყვნენ თეორიულად ეტალონები ამ სფეროში და ტონის მიმცემები სხვებისთვის, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლამდე განვითარებული პროცესები გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს, რისი თანამონაწილეც იყო ნიკა გვარამია, კონკრეტულ ადამიანებს კვეთდა ეკონომიკის, კულტურის და პოლიტიკის სფეროდან და ამაზე ჩუმად იყვნენ ზუსტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები. მისივე თქმით, ეს აღარ უნდა განმეორდეს.
„ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ხდებოდა შემოქმედებითი მოღვაწეების გამიჯვნა ჩარეცხილებად და არა ჩარეცხილებად, როგორ ხდებოდა მათი მოკვეთა კულტურის სფეროდან. გახსოვთ, როგორ იდევნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით მაშინ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და რა მეთოდებს უპირისპირებდა 2012 წლამდე რეჟიმი. 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ის დანაშაულები, რომლებსაც ჩადიოდა ეს რეჟიმი, გახსოვთ თუ რამდენად აქტიური იყო მაშინ არასამთავრობო სექტორი, შეგიძლიათ, შეადაროთ ეს ყველაფერი დღევანდელ ვითარებას, ხომ არის აბსოლუტური ცა და დედამიწა. ნიკა გვარამიამ გააკეთა ბოლშევიკური განცხადება და როდესაც ამას არა მარტო ნეგატიურად არ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ უფრო მეტიც, შემდეგ მხარდაჭერას უცხადებს, ეს არის უფრო მეტი ვიდრე შემაშფოთებელი. როდესაც საუბარია ადამიანების მოკვეთაზე კულტურის სფეროდან, ეკონომიკის სფეროდან და პოლიტიკის სფეროდან და თუ ამას არ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.