ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველ წლებში, პრორუსული პარტიები, დაახლოებით, 20 პროცენტს იღებდნენ, დღეს ასეთი ძალები, პრაქტიკულად, გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან
ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველ წლებში, პრორუსული პარტიები, დაახლოებით, 20 პროცენტს იღებდნენ, დღეს ასეთი ძალები, პრაქტიკულად, გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში ხმების, დაახლოებით, 20 პროცენტს იღებდნენ.

მისივე თქმით, დღეს პრორუსული ძალები, პრაქტიკულად, გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული 12 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფოს სუვერენიტეტის რისკები მინიმუმამდე შემცირებულიყო.

„რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართვერლოში, მინდა, შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2012-2014 წლებში, მოგეხსენებათ, მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები, მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე ხმების, დაახლოებით, 20 პროცენტს, ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან.  ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ „ალტინფო“. მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები. ერთადერთი პრორუსული ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა, მასაც აქვს ეგზისტენციური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფოს სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს ჩვენ რეალურად მივაღწიეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხელისუფლებას დამატებით დაეხმარება ამ მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ჩვენ დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს სუვერენიტეტს აქვს გამოწვევები არაერთი სხვა მიმართულებითაც და შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში. ამ მიმართულებითაც, რასაც შეგნებულად არ ვაკონკრეტებ ობიექტურ მიზეზთა გამო, „გამჭვირვალობის შესახებ“ კნონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს სუვერენტიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.