ირაკლი კობახიძე - ხალხის მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს, აქედან გამომდინარე, არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა სასამართლოსთან დაკავშირებითაც
ირაკლი კობახიძე - ხალხის მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს, აქედან გამომდინარე, არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა სასამართლოსთან დაკავშირებითაც

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს და ისინი უყურებენ გარე მხარდაჭერას, უნდათ, როგორმე იქ მაინც მიიღონ მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ლოგიკური იქნება, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ სანქციები გავრცელდეს“.

კობახიძის თქმით, ხალხის მხარდაჭერა არის „ქართული ოცნების“ მხარეს და აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდებათ სიმართლის გატანა ყველა თემასთან, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, 2012 წლის შემდეგ რომ არის სასამართლო დამოუკიდებელი, ამაზე, რა თქა უნდა, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას. ეს არის ჩვენი პასუხი ასეთ განცხადებებზე. რაც შეეხება სანქციებს, თავად ეს დამოკიდებულება არის ძალიან საინტერესო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს და ისინი უყურებენ გარე მხარდაჭერას, უნდათ, რომ როგორმე იქ მაინც მიიღონ მხარდაჭერა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა ამ მიმართულებით იქნებიან წარუმატებლები. ხალხის მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა ყველა თემასთან, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.