ირაკლი კობახიძე - ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან და ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი
ირაკლი კობახიძე - ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან და ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, რაც გამოჩნდა ამ დღეებში და ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

„ძალიან მარტივია სურათი, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ჩვენი კომენტარებით რომ არ მოვაბეზროთ თავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც, მისი თქმით, გუშინ უმაღლესი სტანდარტით იმოქმედეს.

„ეს სტანდარტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეიძლება იყოს სამაგალითო. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაარჩია შავი და თეთრი. ბუნებრივია, ქართველი ხალხი ვერ დადგებოდა და არც დადგა იმ პოლიტიკური ძალის უკან, რომელსაც აქვს უმძიმესი პოლიტიკური წარსული.

სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს საზოგადოების მობილიზებას და ცდილობს, ლოკალურად გადადგას დესტრუქციული ნაბიჯები, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ბოლო დღეებში აქციაზე იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით.

„შესაბამისად, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ვერ მოახერხეს ხალხის მობილიზება. „ნაცმოძრაობის“ გვერდით ხალხი არ დგას, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში. ნაცმოძრაობის აქცია ყოველთვის იქნება განწირული წარუმატებლობისთვის. თავისი არსით, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ აქცია. როდესაც რამოდენიმე ათეული „ნაციონალი“ ცდილობს პარლამენტის ბლოკირებას, იქ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. ეს არის აუცილებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ძალა, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდა ბლოკირებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მათ შორის პარლამენტი. პარლამენტი არ გავდა პარლამენტს. დღეს ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ ძალას ვერ მივცემთ დემოკრატიული ინსტიტუტების ბლოკირების საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.