ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილს, ჭუტას და ამ ადამიანებს დეოლიგარქიზაციის კანონის გარეშეც მოვერევით, ნუ ეშინიათ, მაგრამ თავი დაანებონ სპეკულაციებს, თუ არ სურთ რეალური დეოლიგარქიზაცია
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილს, ჭუტას და ამ ადამიანებს დეოლიგარქიზაციის კანონის გარეშეც მოვერევით, ნუ ეშინიათ, მაგრამ თავი დაანებონ სპეკულაციებს, თუ არ სურთ რეალური დეოლიგარქიზაცია

იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე დეოლიგარქიზაციის თემას ლობირებდნენ, შიში გაუჩნდათ, რომ ეს საკითხი შეიძლება, შეეხოს არა ბიძინა ივანიშვილს, რომლის პოლიტიკაში მონაწილეობის თაობაზე არავითარი ფაქტი არ არსებობს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გლობალური ომის პარტიის აგენტები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის, მაგალითად, იგივე კეზერაშვილი, ჭუტა და ა.შ. ამ შიშის გამო დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არ უნდათ დეოლიგარქიზაციის კანონი. ესეც არ გვაინტერესებს, კეზერაშვილს, ჭუტას და ამ ადამიანებს მოვერევით ყოველგვარი კანონის გარეშეც, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენ ამ კანონის მიღება, ნუ ეშინიათ მათ, მაგრამ ამ შემთხვევაში თავი დაანებონ სპეკულაციებს ე.წ. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, თუ რეალური დეოლიგარქიზაცია არ სურთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რჩება თემა დეოლიგარქიზაცია, ვიღაცამ სამართლებრივად უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი და სამართლებრივად უნდა იყოს განსაზღვრული ასევე ზომები ოლიგარქების მიმართ.

„სამართლებრივად უნდა დადგინდეს ეს, რასამ კი არ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის ოლიგარქი ან კუბილიუსმა, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს ის, თუ ვინ არის ოლიგარქი, არის ერთი, მეორე თუ მესამე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.